weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

38 საარჩევნო უბნის შედეგებს საია სასამართლოში გაასაჩივრებს

15:11 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა 79 უბანთან მიმართებაში მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს ან/და განუხილველი დატოვეს. აქედან, 38 საარჩევნო უბნის შედეგებს საია სასამართლოში გაასაჩივრებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა გუშინ, 5 ნოემბერს დაასრულეს. საია-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. ამასთან, ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ სხვა შემაჯამებელ ოქმებშიც ფიქსირდება ანალოგიური პრობლემები, თუმცა, საია დავობს მხოლოდ იმ ოქმებთან მიმართებით, რომლის გადამოწმებაც შემჭიდროებულ ვადებში მოხერხდა.

109 უბანთან მიმართებაში საიას საჩივრებზე შემდეგი შედეგი დადგა:

– 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა, რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები.

– 2 უბანთან მიმართებით საია-მ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა, სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში;

– 9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო;

– 79 უბანთან მიმართებით საია-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა. განუხილვევლად დატოვება გამოწვეული იყო იმავე საკითხზე საია-ს საჩივრის განხილვამდე სხვა ორგანიზაციების საჩივრებზე უარის თქმა. 

„მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, საია სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს“, – აცხადებს საია და განმარტავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროის და მცირე რესურსის გათვალისწინებით, სასამართლოში დავისთვის პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოლქებს, სადაც ჯამში უფრო მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი.

სასამართლოში გასაჩივრდება გურჯაანის 1, ბათუმის 9, რუსთავის 6, სამგორის 4, გლდანის 1, დიდუბის 7 და საბურთალოს 10 უბნის შედეგები.

საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე, ასევე, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე.

საია-ს დაკვირვებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით, ამ დროისთვის გამოიკვეთა შემდეგი საყურადღებო ტენდენციები:

– ცესკოს ონლაინ ბაზაში მთელ რიგ უბნებთან მიმართებით, სრული დოკუმენტაცია (ახსნა-განმარტებები, შესწორების ოქმები) გვიან აიტვირთა. ასევე, დაფიქსირდა თავდაპირველად ატვირთული დოკუმენტაციის წაშლის/ჩანაცვლების შემთხვევები. საიას განცხადებით, ამან ხელი შეუშალა/შეაფერხა გასაჩივრების პროცესი და გააჩინა დამატებითი დოკუმენტაციების დაგვიანებით შედგენის და დისბალანსის გასწორების პროცესში მანიპულაციის განცდა.

– არაერთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრის განხილვამდე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საკუთარი განკარგულებით ჩაასწორა მონაცემები, ისე, რომ არ მომხდარა დალუქული დოკუმენტაციის გახსნა და ახსნა-განმარტებებში მოყვანილი მონაცემების სისწორის დადგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად.

– საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად ერთ წარმოებად არ აერთიანებდნენ სხვადასხვა სუბიექტის მიერ ერთ უბანთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებს. რიგითობით პირველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ამ მოტივით სხვა ორგანიზაციების მიერ ამავე საკითხზე შეტანილი დავები განუხილველი რჩებოდა.

– საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ან/და მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებლობის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ და არ ახდენდნენ დალუქული დოკუმენტაციის გახსნის და მონაცემების გადამოწმების გზით, ფაქტების დაზუსტებას. საიას განცხადებით, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან „ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო“.

საია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა.

ორგანიზაცია მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]