weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სახალხო დამცველი პოლიციას მოუწოდებს, თავი შეიკავოს აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან

23:31 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც ზღუდავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებას.

ამ შეზღუდვის პარალელურად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 22 საათის შემდეგაც გრძელდება. აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გარდა, მთავრობის მიერ გადაადგილებაზე დაწესებულ ამ შეზღუდვასაც აპროტესტებენ. 

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. თუმცა განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად,

მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდულია 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ ვრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]