weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სახალხო დამცველი - პოლიციამ რკინიგზელებს შეკრების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა

21:06 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017
პოლიციელს აქციის მონაწილეთა კარავი მიაქვს პოლიციელს აქციის მონაწილეთა კარავი მიაქვს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს, რომლებიც მეორე დღეა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ.

სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში.

„15 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში აქციის მონაწილეებმა აღნიშნული დაწესებულების შენობის შესასვლელიდან მოშორებით, მოშიმშილეთათვის გაშალეს კარავი, თუმცა სამართალდამცავებმა ჯერ სიტყვიერად მოითხოვეს კარვის დაშლა ან შენობიდან მოშორებით გადაადგილება, ხოლო შემდეგ კარავი თავად, იძულებით აიღეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის მიხედვით, აქციის მონაწილეების კითხვებს თუ რომელი სამართლებრივი რეგულაციები დაარღვიეს მათ და რის საფუძველზე ეკრძალებოდათ კარვის გაშლა, პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან საპასუხო ახსნა-განმარტებები არ მოჰყოლია. დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებს ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მიღებული ბრძანების შესაბამისად, ვერ მისცემდნენ კარვის გაშლის შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევდა ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხებას. ვითარების დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, დემონსტრანტებმა თავი შეიკავეს კარვის გაშლისაგან და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის კარვით სარგებლობის შეზღუდვა, ვინაიდან ადგილი არა აქვს შენობის შესასვლელების ბლოკირებასა თუ კანონდარღვევით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.

აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ასევე საქართველოს სასამართლო სისტემაში და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს „პარტიზანი მებაღეებისთვის“ შეკრების უფლებისა და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა უკანონოდ მიიჩნია.

„კონსტიტუციური დანაწესის გათვალისწინებით, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებული

უფლებების დაცვის უპირველეს გარანტს სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, უკვე არაერთ შემთხვევაში, თავად სახელმწიფო გვევლინება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის დამაბრკოლებელ ინსტიტუტად.

ამასთან, სამართალდამცავი პირების მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების მოლოდინის გამო, მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ საკუთარი უფლებებით სარგებლობაზე უარის თქმა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით, კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს ვალდებულებების ყველა ასპექტის თაობაზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიციური ინფორმირებულობა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონისმიერი პრინციპების თავის საქმიანობაში დანერგვა. ამასთან, დროულად გატარდეს 15 აგვისტოს მომხდარ ზემოთ აღწერილ კანონდარღვევასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებები და მომავალში კანონშესაბამისი გარემოებების პირობებში, არ შეეშალოს ხელი აღნიშნული თუ სხვა აქციის მონაწილეებს კარვით სარგებლობასა და შეკრების თავისუფლების რეალიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]