weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

21:19 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

დღეს, 16 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დაკავებისას თამარ მეარაყიშვილმა "ეხო კავკაზა"-ს კორესპონდენტთან დარეკვა მოასწრო, რომელსაც უთხრა, რომ ე.წ. პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა განმარტების გარეშე დააკავა.

ბიაზროვმა მას განუცხადა, რომ დაკავების საფუძველს რაიონულ პროკურატურაში ეტყოდნენ.

სატელეფონო საუბარში თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ შვილისთვის თბილისიდან წამოღებული საყოფაცხოვრებო ნივთების გადაცემა უნდოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს.

"არ მყავს ადვოკატი. არ მაქვს არანაირი ახსნა იმისა თუ რა ხდება ჩემს თავს და მინდა, რომ ეს ახლავე გაავრცელოთ",- უთხრა თამარ მეარაყიშვილმა "ეხო კავკაზა"-ს კორესპონდენტს.

როგორც "რეგინფოს" ცხინვალში, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, თამარ მეარაყიშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ის ამ დრომდე ახალგორის პროკურატურაში ჰყავთ.

ახალგორის პროკურატურაში ამბის გასარკვევად იყო მისული თამარ მეარაყიშვილის დედა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს და არც შვილის დაკავების მიზეზი განუმარტეს. ოჯახის წევრებისთვის უცნობია, ოფიციალურად რა საქმეზე ჰყავთ თამარ მეარაყიშვილი დაკავებული. დაკავებულს არ ჰყავს ადვოკატი.

თამარ მეარაყიშვილმა ადრეც რამდენჯერმე განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ბოლოს ის აგვისტოს დასაწყისში "ეხო კავკაზა"-სთვის მიცემული კომენტარის გამო დაკითხეს. თამარ მეარაყიშვილის თქმით, პროკურატურის თანამშრომლებს მისი სამოქალაქო პოზიცია არ მოსწონთ, ასევე უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მან "ეხო კავკაზა"-ს ინტერვიუ მისცა.

8 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტი თვითმხილველების თანდასწრებით ახალგორიდან გაიტაცეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრობლებმა ის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მაშინ მეარაყიშვილი ერთი დღეღამის შემდეგ გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]