weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს - 3 მოქალაქე პატიმრობაში რჩება

20:47 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021
ერგნეთის საგუშაგო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტო ერგნეთის საგუშაგო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 36 წლის რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლეს. მანამდე, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ გუშინ ის დამნაშავედ სცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ და ერთი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, დღეს კი ის ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. ბეღელურმა ცხინვალის ციხეში 2 თვე გაატარა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამაზ ბეღელური 2021 წლის 2 თებერვალს, გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესამედ დააკავეს. ბეღელური იხსენებს, რომ ის ნათესავის ორმოციდან ბრუნდებოდა, ნასვამი იყო და დაკავების დეტალები არ ახსოვს. მისი თქმით, ცხინვალის ციხეში ცუდად არ ექცეოდნენ, საკვებით კი საპატიმროში მყოფი ოსი პატიმრები ეხმარებოდნენ.  

რამაზ ბეღელურს ერგნეთში დახვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე. მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით. ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცხინვალის ციხეში ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე: 35 წლის ზაზა გახელაძე, 53 წლის გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

რამაზ ბეღელური მათ შესახებ ამბობს, რომ ზაზა გახელაძე არ უნახავს, თუმცა იცის, რომ ის მესამე სართულზე იყო. რაც შეეხება ბესტავეს, ბეღელურის თქმით, მას ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ, მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის კოდექსის ორი მუხლით აღძრეს. მას „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა“ და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ. ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საოკუპაციო ძალებს ბესტაევი მანამდეც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

ლაშა ხეთერელი 2020 წლის ზაფხულში დააკავეს. ის ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. საოკუპაციო რეჟიმი მასაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ამ ბრალდებით ის 2019 წელსაც იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]