weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვანჰესის კონტრაქტში ფაქტობრივად არ გაითვალისწინეს“

14:49 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული. 2019 წლის 30 მარტით დათარიღებული დასკვნა, რომელშიც 22 კრიტიკული შენიშვნაა, გამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა და გუშინ გამოაქვეყნა. სახელმწიფო უწყების მხრიდან ის ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.  

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა უკანონოდ აქვს დახურული საზოგადოებისთვის და დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან.

„დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად „აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.“

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება, ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულება შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გთავაზობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებას:

დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას უსვამს ხაზს, რაც ხელშეკრულების გასაჯაროებისთანავე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და რაც აჩვენებს ხელშეკრულებით სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესების უკიდურეს დაუბალანსებელობას.

„არსებული პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. აშკარაა, რომ ამ მანიპულაციური ქმედებებით მთავრობა ცდილობს შექმნას მცდარი შთაბეჭდილება საკითხის შესწავლის და საზოგადოებრივი წუხილების რეაგირების შესახებ, მაშინ, როდესაც მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული პოზიციები, რაც მთავრობის მიერ გაზიარებული არ ყოფილა. მეტიც, სამინიტროს მიერ მითითებული რისკები მთავრობამ არ დააზღვია და სამართლებრივი რისკების შემცველი ხელშეკრულება გააფორმა.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც, როგორც ირკვევა, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის მარტში მომზადდა და მას მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აწერს ხელს, ამ დრომდე სამინისტროს მხრიდან სრულიად უკანონოდ იყო დახურული. იუსტიციის სამინისტროს ამგვარი ხელშეკრულების ხელმოწერამდე ევალება შეაფასოს ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები და მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო გახადოს ის, რამდენადაც საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს დასკვნის შინაარსი. სამინისტრო მთელი ეს დრო არათუ არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალობის მოთხოვნას, არამედ მისი დასკვნის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, განზრახ უარს ამბობდა მის გამოქვეყნებზე და ასევე დუმდა თავისი პოზიციის შესახებ.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საზოგადოებისთვისთვის გაცხადების შემდეგ, სამინისტრო პასუხისმგებელია, ოფიციალურადაც გაასაჯაროოს მისი დასკვნა და პოზიცია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებთან და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელმაც გამორიცხა მათი შენიშვნების ხელშეკრულების შინაარსში ასახვა და შესაძლებელი გახადა ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკებით. ნიშანდობლივია, რომ სამინისტროს კონკრეტული შენიშვნების ნაწილი არსებითად ემთხვევა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიგნებებს:

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულების შეფასებაში, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მსგავსად, უარყოფითად იყო დანახული, ის, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ნაწილზე სახელმწიფოს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს კონტროლი, რის მიუხედავადაც მთავრობას მაინც ეკისრება მძიმე ფინანსური პასუხისმგებლობა და ვალდებულია, კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს.

ჩვენი შეფასების ანალოგიურად, იუსტიციის სამინისტრო კრიტიკულია ნამახვანჰესის ხელშეკრულების იმ უთანასწორო ჩანაწერის მიმართაც, რომელიც პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან სრულად ათავისუფლებს, ხოლო საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებს სრულად ძალაში ტოვებს.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში გაკრიტიკებულია ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც მთავრობას ზიანის ანაზღაურებას ავალდებულებს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ პროექტის სხვა მონაწილეების, მათ შორის, კონტრაქტორების მიმართაც.

ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ პროექტის მონაწილე ხელშეკრულების მიხედვით არის კომპანიაც (აფილირებულ პირებთან ერთად), დამფინანსებლებიც და კომპანიის კონტრაქტორებიც, რაც მთავრობის პასუხისმგებლობის ფარგლებს არაგონივრულად აფართოებს. იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც“, განსაკუთრებით პრობლემურად შეაფასა ამ განმარტებაში კონტრაქტორების შემოყვანა: კომპანიამ შეიძლება პროექტის განხორციელების პროცესში არა ერთი კონტრაქტორი დაიქირაოს და ამ ჩანაწერის საფუძველზე, სახელმწიფოს ყველა მათგანის კომპენსირება მოუწევს.

იუსტიციის სამინისტრო ასევე უთითებს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების გადახედვის საჭიროებაზე. ჩვენი შეფასებით, მთავრობის ცალმხრივი და განუსაზღვრელი ფინანასური ვალდებულებები ხელშეკრულების შეწყვეტის წესს უკავშირდება და სახელმწიფოს განსაკუთრებულად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კრიტიკულად აფასებს იმას, რომ ხელშეკრულების მიხედვით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები პროექტის ირგვლივ და იმისდა მიუხედავად, ხელშეკრულებას დაარღვევს მთავრობა თუ კომპანია, ფინანსური პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება. მთავრობის ფინანსური პასუხისმგებლობის გარდაუვალობა და ამ პასუხისმგებლობის უკიდურესად ფართო ფარგლები იყო ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულება ჩვენ მიერ პოტენციურად მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების შემცველად შეფასდა.

სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროც ამიტომ მიუთითებს თავის დასკვნაში, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის წესის გადახედვისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც ამ დრომდე დახურულია საზოგადოებისათვის და საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ეჭი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ფისკალურ რისკებზე, საერთოდ არ არსებობს.

იუსტიციის სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს მთავრობის სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეზღუდვასაც; კერძოდ, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას და უარყოფითად აფასებს იმას, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულება არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებაში, აღნიშნულ შეზღუდვასთან ერთად, კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ ეს შეზღუდვა მიემართება მხოლოდ მთავრობას, ხოლო კომპანიას უფლება აქვს, მოითხოვოს ყველანაირი ზიანის ანაზღაურება.

ჩვენი შეფასებით, ხელშეკრულებაში არსებული სწორედ ამ უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა განაპირობებს ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას და საჯარო ინტერესების დათმობას კერძო ინტერესის სასარგებლოდ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არა ერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში გამოთქმული შენიშვნები ხელშეკრულების საბოლოო რედაქციაში ასახული არ არის, დასკვნის კრიტიკული შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიმართავენ ყველა გზას, რათა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები გათვალისწინებული იყო.

სინამდვილეში, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის:

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გამჟღავნების შემდეგ მედიაში გავრცელდა „შეთანხმების ფურცელი“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული. ამ დოკუმენტშიც, არა ერთ შენიშვნაზე მითითებულია, რომ გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა ის პუნქტები, რომლებიც ამ დოკუმენტის მიხედვით „გათვალისწინებულია“. იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების დიდი ნაწილი, ფორმულირებულია იმგვარად, რომ სამინისტრო ხელშეკრულების პრობლემური მუხლების გადახედვას მოითხოვს, შესაბამისი დასაბუთებით; შესაბამისად, ყველა იმ შენიშვნაზე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების ესა თუ ის მუხლი პრობლემურად მიაჩნია და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს, შეთანხმების ფურცელი, მიუთითებს, რომ შენიშვნა გათვალისწინებული იქნა, რადგან „საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საქართველოს მთავრობას“ - გათვალისწინებაში მხოლოდ მთავრობისთვის წარდგენა და, შესაბამისად, გადახედვა/„დამატებით შეფასება“ იგულისხმება, თუმცა გადახედვის შემდგომ, რატომ არ იქნა ასახული შესაბამისი შენიშვნა ხელშეკრულებაში - დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების უდიდესი ნაწილი ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელდა კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს დასკვნა გასაიდუმლოებული არ ყოფილა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზაცია საჯარო უწყებებისგან ამ დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია ცდილობს; საჯარო მოწოდებების პარალელურად, ოფიციალურად მივმართავდით შესაბამის საჯარო უწყებებს, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროებს და მთავრობის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გასაჯაროების მოთხოვნით „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოსაც მიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის რამდენიმე პუნქტში მითითებულია, რომ საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ „შეთანხმების ფურცელშიც“ იუსტიციის სამინისტროს ამ შენიშვნებზე პასუხად აღნიშნულია, რომ საკითხი განსახილველად წარედგინებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ უკვე დიდი ხანია ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გასაჯაროებას; გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა, საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი აუცილებელი დოკუმენტია, გუშინ გამჟღავნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნამახვანჰესის პროექტის სარგებლიანობაზე ან მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე საუბარი ფისკალური რისკების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის გარეშე ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებულია.

მანიპულაციების თავიდან აცილების მიზნით, როდესაც ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში არსებული მწვავე შეკითხვებისთვის თავის არიდებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების უკანონო გასაიდუმლოების და დამალვის პრაქტიკა და დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თავად დარწმუნდეს სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ დაუყონებლივ უნდა გასაჯაროვდეს შემდეგი დოკუმენტები:

ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;

პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]