weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახალხო დამცველი ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს

13:03 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი თვე გავიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ, თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

„სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა - ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ მოქალაქეების - ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის, რომელიც სასულიერო პირიც არის, მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, ევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ.

„ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ

5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე არა მარტო აანონსებდა ძალადობას, არამედ 5 ივლისს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც, იმ ვითარებაში, გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პირველი პრიმა მუხლით აკრძალული ქმედება - ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, პროკურატურას 10-დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ სახალხო დამცველს უპასუხოს, რა რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტებზე: „ამის შემდეგ საშუალება მექნება შევაფასო, ის განზრახ არიდებს თავს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ბრალის წარდგენას მაშინ, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე“.

თბილისის მთავარ სამმართველოში ზურაბ მახარაძე და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი 16 ივლისს გამოკითხეს, თუმცა, მათთვის ბრალი არ წარუდგენიათ. 

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და არც ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზია დადგენილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნა გაასაჯაროვა, რომელზე დაყრდნობითაც მიუთითა, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. ოჯახი და ლექსო ლაშქარავას კოლეგები შსს-ს ამ ვერსიას არ იზიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]