weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სალამს“ გვარების დაბრუნებაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენაზე უარი ეთქვა

10:51 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

პლატფორმა „სალამს“ ავთენტური/ტრადიციული გვარების დაბრუნების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებაზე უარი ეთქვა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ საკითხზე გუშინდელ სხდომაზე იმსჯელა.

სხდომაზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვი, ბანიამინ კასიმოვი, აითაჯ ხალილოვა, ფარიდ ასკეროვი, რაბილ ისმაილოვი) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ 26 298 ხელმოწერიდან პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მითითებული მონაცემების არასრულყოფილად შესრულების გამო ბათილად ჩაითვალა 3370 ხელმოწერა, ნამდვილად ჩაითვალა 22 928.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, საკითხი არ დაზიანდება, რადგან რამდენიმე დეპუტატს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დასმულ საკითხს გადაფარავს. 

„აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანებისთვის ეს სამართლებრივი მექანიზმი გაჩნდება, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავის ტრადიციულ გვართან შეუსაბამო გვარი შეცვალონ და მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ფორმით ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში აცხადებენ, რომ შემდგომ თანამშრომლობაზე სასაუბროდ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.

პლატფორმა „სალამი“ კამპანიას „გვარი დამიბრუნე“ ორი წელია ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში ცვლილება შევიდოდა, მოქალაქეს მიეცემოდა უფლება გვარიდან არაავთენტური/არატრატიციული სუფიქსები („ოვ“/„ევ“ ან სხვა) ამოეღო ან/და ტრადიციული/ავთენტური სუფიქსებით შეეცვლა. 

„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დგას ეთნიკური უმცირესობების წინაშე, დაკავშირებულია, მათ შორის, რუსული ოკუპაციის საკითხთან. ჩვენ ვამბობთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული, არამედ ჩვენი გვარების 20%-იც არის ოკუპირებული. რუსეთის იმპერიამ ელიტასთან დაახლოებულ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მისცა გვარები, შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში ამან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის 99%-ის გვარების დაბოლოება არის რუსული. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დაბოლოებები ამოვიღოთ და დავუბრუნდეთ ავთენტურ გვარებს, რუსული გავლენისგან თავისუფალ გვარებს, რომელიც ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისთის უფრო ღირსეული და მისთვის დამახასიათებელი იქნებოდა“, – აცხადებდა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ქამრან მამედოვმა.

კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ავთენტური გვარის დაბრუნებას არამხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქე შეძლებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]