weather cur horoscope tv
აგვისტო 19, 2022

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ხანუმ ჯეირანოვა ვერ დაიცვა

20:53 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა გენდერული და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან.

დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას იმ ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იგი უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომიტეტმა განიხილა სარჩელები, რომელიც ჯეირანოვას ქმარმა და შვილებმა წარადგინეს. შვილები 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა. მათ ინტერესებს კავშირი „საფარი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) წარმოადგენდნენ.

„ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი.

საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, – თქვა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქემ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. მანამდე ის ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს. 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდათ ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ.

„არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.

მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით „სასიკვდილოდ ნაცემიიყო, თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა

გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო“, – აცხადებს კომიტეტი.

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა მის ცოლზე ერთ-ერთი მოძალადე პირი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. მისი სასამართლო პროცესის დროს მოწმემ განაცხადა, რომ ჯეირანოვა ნაცემი იყო. აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 2014 წლის დეკემბერში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

2015 წელს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული.

გაეროს კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ხანუმა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.

კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]