weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სტრასბურგის სასამართლომ მოხის მეჩეთთან დაკავშირებულ საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

12:36 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პოლიციამ ქართველი მუსლიმები დააკავა. ევროსასამართლომ მათთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დისკრიმანაციისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლების პროცედურული და არსებითი დარღვევა დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ადიგენის მცხოვრებლებმა თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეებმა, მალხაზ და გოჩა ბერიძეებმა შეიტანეს.

მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი სოფელში მდებარე და ადგილობრივი გამგეობის ბალანსზე ე.წ. კლუბის სტატუსით რიცხული ისტორიული შენობის მათთვის გადაცემას წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის ოქტომბერში გამგეობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. 22 ოქტომბერს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა შენობის გარშემო ჯაჭვი გააკეთეს და ამ ფორმით ცდილობდნენ მუსლიმებს სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ. მოქალაქეებმა ჯაჭვის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება და 14 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

დაკავებულ პირებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ. თემურაზ მიქალაძე, რომელიც 2014 წელს მოხეში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობდა, აცხადებდა, რომ პოლიციელებმა სცემეს.

მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სტრასბურგის სასამართლოს 2018 წელს მიმართეს. იმ დროისთვის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დასრულებული არ იყო.

სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მუსლიმების სახელით განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ [ყოფილი EMC] შეიტანა. მოსარჩელე მხარე დავობდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ, პოლიციის მიერ, სავარაუდო ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ამტკიცებდა, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლები.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართომ საჩივრები დასაშვებად ცნო კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას, დამოუკიდებლად და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთად ყველა განმცხადებლის მიმართ, რაც გულისხმობს რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთხივე მუსლიმი მოქალაქის საჩივარზე საქართველოს პოლიციამ ჩაატარა არაეფექტური გამოძიება, ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას მათი დაკავებისა და პატიმრობის დროს.

გარდა ამისა, ევროსასამართლო ადგენს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ არსებითად დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი – არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ძალის გამოყენება არ იყო კანონიერი და აუცილებელი. რაც შეეხება დანარჩენ სამ ადამიანს, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა არ დადასტურდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, მორალური ზიანის სახით თეიმურაზ მიქელაძეს 3900 ევრო გადაუხადოს, ხოლო დანარჩენ მომჩივნებს 1800-1800 ევრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]