weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2022

5-მა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და გამოხატვის შეზღუდვა გაასაჩივრა

15:33 პარასკევი, 13 მაისი 2022
ფოტოზე მოსამართლეები: ეკა არეშიძე, ნინო ხაჟომია და ქეთევან მესხიშვილი ფოტოზე მოსამართლეები: ეკა არეშიძე, ნინო ხაჟომია და ქეთევან მესხიშვილი

სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ხუთმა მოქმედმა მოსამართლემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლეები აღნიშნული კანონის 9 ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას ითხოვენ, მათ შორის, გასაჩივრებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, აკრძალულია „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“. ამ ნორმის დარღვევა მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველია.

მოსამართლეებს მიჩნიათ, რომ აღნიშნული ნორმა „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია, წარმოადგენს არაგონივრულ და არათანაზომიერ ჩარევას მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში და ამდენად, ლახავს საქრთველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომელიც აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

„2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უძღოდა სასამართლო სისტემაში, მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობის წარმოშობა. კერძოდ, 2021 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გააკეთა კრიტიკული განცხადება ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მიმართებით, რომლებმაც გააკრიტიკეს საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნენ მოსამართლეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დასავლური პარტნიორების, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიცია და მათ მიერ პროცესების მონიტორინგი, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის.

იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა ისედაც კრძლავდა მოსამართლის მიერ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას ან საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერას, აბსოლუტურად ბუნდოვანია, თუ რას მიემართება საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც კრძალვს მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით მოსაზრების დაფიქსირებას“, – ნათქვამია სარჩელში.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმამ შესაძლოა მოსამართლეს შეუზღუდოს მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც პოლიტიკური განზომილება გააჩნია.

გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა“, – აცხადებენ მოსარჩელეები და აღნიშნავენ, რომ მათი გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია.

ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ქართულ ნორმატიულ ბაზაში „პოლიტიკის“ ცნების სამართლებრივი განმარტება არ მოიპოვება, აკადემიური და პრაქტიკული გადმოსახედიდან კი მისი მნიშვნელობა ძალიან ფართოა. 

„მართალია, იუსტიციის უმაღლემა საბჭომ დროთა განმავლობაში შეიძლება განავითაროს კრიტერიუმები, რითაც იხელმძღვანელებს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა, ეს ვერ იქნება ვერც „მსუსხავი ეფექტის“ და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკის გამანეიტრალებელი“, – მიიჩნევენ მოსარჩელე მოსამართლეები.

კონსტიტუციური სარჩელით ასევე გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც სასამართლოებში მოსამართლეთა მივლინებას და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებას ეხება. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, პარლამენტის მიერ სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანამ „გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, „ურჩ“ მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას“.

სარჩელის ავტორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ხაჟომია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]