weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2020

მოხეს მუსლიმი თემი ლოცვას ღია ცის ქვეშ აგრძელებს

15:01 პარასკევი, 12 მაისი 2017 hits 1512
მოხეს მუსლიმი თემი ლოცვას ღია ცის ქვეშ აგრძელებს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმები არ ეთანხმებიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ე.წ. „მოხეს კომისიის“ გადაწყვეტილებას. ადგილობრივები ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის მიუხედავად, სავადო შენობის წარმომავლობის დადგენას და მათთვის გადაცემას ისევ ითხოვენ. მათივე თქმით, ლოცვას „სადავო შენობის“ წინ ღია ცის ქვეშ გააგრძელებენ.

„სოფელ მოხეს მუსლიმი თემი შევიკრიბეთ და აღვნიშნავთ, რომ რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა, ე.წ. „მეჩეთის“ წარმომავლობის დამდგენმა კომისიამ 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე და დაადასტურა ადგილობრივი მოსახლეობის მრავალგზის გამოთქმული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს არ უნდა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა და ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ კომისია თავიდანვე შეიქმნა არსებული, ნახევრადდაშლილი შენობის წარმომავლობის დასადგენად, კომისიამ კი ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა წამოჭრა, რაც არანაირად არ იყო ადგილობრივების მოთხოვნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამ კომისიას საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადა.

მოხეს მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, კატეგორიულად აპროტესტებს ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებასა და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას, აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას, მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად“, – ნათქვამია მოხელი მუსლიმების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. „მოხეს კომისიის“ მიერ 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი; ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]