weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კახეთში ლგბტ თემის ორი წევრი „მონტიროვკით“ ცემეს

17:27 სამშაბათი, 23 მაისი 2017

კახეთში ლგბტ თემის ორი წარმომადგენელი ცემეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ინციდენტი 17 მაისს, ღამით მოხდა. ლგბტ თემის წევრები მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი მასპინძლის თანასოფლელმა მამაკაცმა ე.წ. „მონტიროვკით“ ცემა.

მამაკაცმა, ვისაც ლგბტ თემის წევრები სტუმრობდნენ, „რეგინფოს“ უამბო: „ქუჩაში ხმაური იყო. დავინტერესდი რა ხდებოდა და გარეთ გავედი. ერთ–ერთმა პირმა, რომელსაც ვიცნობდი, მანქანა მომიშვა. მე ვუთხარი, რას აკეთებ, მანქანას მაჯახებ მეთქი? გადმოხტა მანქანიდან და ჩხუბი დამიწყო. ჩხუბის ხმაზე ჩემთან სტუმრად მყოფი ბიჭები გამოვიდნენ. ერთ–ერთმა ჩვენი გაშველება სცადა და შიგნით, ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში შემიყვანა. ვინც ჩემთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა, სახლში შემოგვყვა, ხელში რკინის ნაჭერი ეკავა, მივიდა და ჩემ სტუმარს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. მეორე სტუმარი ცდილობდა რკინის ნაჭერი წაერთმია. ჩემმა სტუმარმა გონება რომ დაკარგა, თავდამსხმელი მაშინ გაიქცა, ეგონა რომ მოკვდა, სისხლი სდიოდა და ძირს ეგდო. 112–ზე დავრეკეთ და სასწრაფო გამოვიძახეთ“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად, ინციდენტის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. ექიმებმა ორივე დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თავის არეში ორივეს ჰქონდა ჭრილობები, ერთს შედარებით მსუბუქი, მეორეს მძიმე. ასევე აღენიშნებოდათ დაზიანებები სახის არეში“, – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. დაშავებულები საავადმყოფოდან მეორე დღეს გაწერეს.

„რომ შემოვიდა ეზოში, ხელში რკინის ე.წ. მონტიროვკა ეჭირა. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შემომხედა და მერე 3–4–ჯერ, განზრახ ჩამარტყა თავში. გონება რომ დავკარგე, მერეც მირტყამდა თურმე. ჩემი მეორე მეგობარი მის შეკავებას ცდილობდა და მასაც მოხვდა“, – ამბობს ლგბტ თემის წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების ცემას ადასტურებს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

შსს–ს განცხადებით, ცემა ჰომოფობიურ ნიადაგზე არ მომხდარა და სსკ–ის 126–ე მუხლით, თავდამსხმელს ბრალს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. დაშავებულებს კი, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებული სტატუსი, მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო ცემა, იყო სიძულვილით მოიტივირებული დანაშაული და სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მძიმე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.

დაშავებულების ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი უნდა განსაზღვროს.

ძალადობაში მხილებული პირი დაკავებული არ არის. ლგბტ თემის წევრების თქმით, ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ, მათ სხვადასხვა პირები უკავშირდებიან და ემუქრებიან, რომ თუ მოძალადეს არ დაინდობენ, პრობლემები შეექმნებათ, მათ შორის გაავრცელებენ ცნობებს იმ პირის შესახებ, ვინც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]