weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2020

„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებით საქართველოში მედიაპლურალიზმი შემცირდა

18:31 შაბათი, 21 აპრილი 2018 hits 1268
ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ სალივანი, რომელიც ანგარიშს წარადგენს ფოტოზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ სალივანი, რომელიც ანგარიშს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამდნენ მედიის პლურალიზმთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი მედია ყოველთვის აქტიური იყო და განსხვავებულ ხედვას წარმოაჩენდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის – „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებამ, ამავდროულად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ, მედიაპლურალიზმი შეამცირა და გააძლიერა საზოგადოების აღქმა, რომ მედია გარემო უფრო მეტად არის კონცენტრირებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

„4 ნოემბერს, 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტზე მთავრობის და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების მზარდი გავლენის გამო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა გააჩინა წუხილები მაუწყებლის რესტრუქტურიზაციის პროცესში გამჭირვალობის ნაკლებობასა და მისი მენეჯმენტის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ძალაუფლების კონსოლიდაციის თაობაზე.

22 დეკემბერს, პარლამენტის მიერ კანონში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც წლის ბოლოს პრეზიდენტს უნდა დაემტკიცებინა, გააჩინა მოლოდინი, რომ იგი გაზრდიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას და კორუფციის რისკებს, დაასუსტებდა სამეურვეო საბჭოს და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებს.

ივნისში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეშფოთება გამოთქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემის დახურვის გამო და მენეჯმენტს მოუწოდა, ხელახლა გადაეხედათ ამ გადაწყვეტილებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მაყურებელს არ აწვდიდა დროულ და სრულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში პრაიმ-ტაიმში სოციალურ პოლიტიკური პროგრამების და საარჩევნო დებატების შეჩერების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია მარნეულის სათემო რადიოზე შესაძლო ზეწოლის თაობაზეც: „ივლისში, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა, კამილა მამედოვამ პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, რადიო კრიტიკული მასალების გამო, მთავრობის და მასთან დაკავშირებული პირების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას და მას და მის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ. იმავე თვეში პოლიციამ ჟურნალისტს შეატყობინა, რომ გამოძიების დასაწყებად სათანადო საფუძველი არ არსებობდა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების, მოქალაქე რეპორტიორებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები იშვიათი იყო. თუმცა, მოხსენიებულია media.ge-ის მთავარი რედაქტორის დავით მჭედლიძის საქმე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს, რუსთავში, მჭედლიძეს პოლიციამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქმეზე გამოძიება დასრულებული არ იყო.

ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მთავრობასა და სასამართლო სისტემაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გაიზარდა, რამაც იმოქმედა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო გადაწვეტილების მიღებაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2 მარტს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ მის ყოფილ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]