weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

ერეკლე კოდუა „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

14:47 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018 hits 2310

2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე ს.ო.დ.-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები.

„იმედის“ ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას.

ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის "იმედის" ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები. მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ერეკლე კოდუა უკვე მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზეც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რაზედაც ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ერეკლე კოდუას ადგილსამყოფელი უცნობია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]