weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თამარ მეარაყიშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში სასამართლო პროცესი მოიგო

00:22 პარასკევი, 04 მაისი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საჩივარი დააკმაყოფილა. მეარაყიშვილი ითხოვდა, რომ დე ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრული საქმე უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი.

მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ დეფაქტო პროკურატურას მეარაყიშვილის მიმართ ცილისწამების მუხლით აღძრულის საქმის გადახედვა დაავალა.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ახალგორში დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა მას მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებაში სდებდა ბრალს. საქმე ეხება 2017 წლის 27 აპრილს, „ეხო კავკაზა“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც თამარ მეარაყიშვილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის მომხრეების მიერ თანამდებობების დაკავებაზე საუბრობს. დე ფაქტო პროკურატურის მასალების მიხედვით, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც თამარ მეარაყიშვილის ინტერვიუთი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო სპარტაკ დრიაევი იყო, რომელმაც მეარაყიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

25 აგვისტოს მეარაყიშვილმა დე ფაქტო პროკურატურისგან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International -მა თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დევნა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების უხეშ დარღვევად შეაფასა.

2018 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მეარაყიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას დოკუმენტების გაყალბებასა და ამ გზით „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობის მიღებას ედავებიან.

ბოლო ერთ წელიწადში თამარ მეარაყიშვილი რამდენჯერმე დააკავეს. მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ შეუძლია.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, თამარ მეარაყიშვილი გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და ახალგორიდან წასვლის იძულების მცდელობა.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]