weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

"საერთაშორისო ამნისტია" საქართველოს მოუწოდებს მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

01:06 ორშაბათი, 29 მაისი 2017

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" (Amnesty International) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ გადასცეს თურქეთს დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ჩაბუქი. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ ჩაბუქს აწამებენ ან მის მიმართ მოხდება ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

"თურქეთმა მუსტაფა ჩაბუქი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რაც გიულენის მოძრაობასთან მის სავარაუდო კავშირებს გულისხმობს. ეროვნებით თურქი ჩაბუქი, რომელიც 2002 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, საქართველოს პოლიციამ 24 მაისს დააკავა. ამჟამად ის თბილისში, დემირელის კერძო კოლეჯში მასწავლებლად და მენეჯერად მუშაობს. მისი დაკავება ეფუძნებოდა თურქული მხარის მოთხოვნას მის ექსტრადიციაზე. თურქეთს სურს, ჩაბუქი ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდებით გაასამართლოს. მუსტაფა ჩაბუქი ტერორიზმთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მისი ექსტრადიცია შესაძლებელია ნებისმიერ წუთში განხორციელდეს და თურქეთში აღმოჩნდეს წამების ან არასათანადო მოპყრობის, უსამართლო სასამართლოს ან ადამიანის სხვა უფლებათა სერიოზული დარღვევის რისკის ქვეშ.

ბრალდების მიხედვით, მუსტაფა ჩაბუქი დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მეწილეს დაეხმარა, რომ საკუთარი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მიეყიდა. თურქეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ეს დაწესბულება გიულენის მოძრაობასთან არის დაკავშირებული. მოძრაობა, რომელსაც ბიზნესებისა და სკოლების საერთაშორისო ქსელი აქვს, ფეტჰულა გიულენმა დააარსა. მას თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს და "ფეტჰულას ტერორისტულ ორგანიზაციას" (FETÖ) უწოდებს. ფეტჰულა გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, თურქეთის ბრალდებებს უარყოფს.

25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივრის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეუძლია მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია ნებისმიერ წუთში განახორციელოს.

2016 წლიდან თურქეთის მთავრობა ახორციელებს ზეწოლას მოკავშირეებზე, რათა მათ ფეტჰულა გიულენის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყონ. გიულენის მოძრაობის წევრობაში ეჭვმიტანილთა უკანონო დაკავებისა და დაკავებულთა წამების სარწმუნო მტკიცებულება არსებობს, რომელიც "საერთაშორისო ამნისტიამ" და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დოკუმენტურად დაადასტურეს.

საერთაშორისო სამართლით, ისევე როგორც შიდა კანონმდებლობით, საქართველო ვალდებულია არ დააბრუნოს პირი იმ ქვეყანაში, სადაც მის მიმართ შესაძლოა არსებობდეს წამების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი.

2016 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ თურქეთში ხელი შუეწყო მთავრობის მხრიდან საჯარო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მასობრივ დევნას. მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ ფეტჰულა გიულენის მოძარაობასთან კავშირში ეჭვმიტანილები. დაახლოებით 10 ათასი საჯარო მოსამსახურე მათ შორის მასწავლებლები, პოლიციელები და სამხედრო პირები, ექიმები, მოსამართლეები და პროკურორები სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ ბრალდებით, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდათ კავშირი. სულ მცირე 47 ათას ადამიანს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა გადატრიალებასთან ან გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო", - ნათქვამია "საერთაშორისო ამნისტიის" მიერ 26 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაცია მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ საკითხზე 7 ივლისამდე განცხადებით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორიგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გამოქვეყნებული განცხადებით საქართველოს მთავრობას მოუწოდა, არ გადასცეს მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს. საია-ში მიაჩნიათ, რომ მუსტაფა ჩაბუქს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]