weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე არ დაუშვეს

17:28 სამშაბათი, 30 მაისი 2017

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. მოსამართლის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული აქტები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენენ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ისინი ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში.

სახალხო დამცველის თქმით, პროცესის სრულად დახურვის შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე.

იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პირადად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და ის სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 2 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ანგარებით პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე საქმეს დახურულ პროცესებზე განიხილავს. პროკურორის განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, მედიის მხრიდან შესაძლოა არასწორად მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]