weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა

19:03 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 hits 1664

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. „მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა“, - აღნიშნავს შოთაძე განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.

მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა.

მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.

აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან.

ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]