weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სკანდალური ფაქტები ბესლან ლორსანოვის საქმიდან - წულუკიანმა ექსტრადირებას ხელი მოაწერა

18:22 შაბათი, 23 ივნისი 2018
ფოტოზე ბესლან ლორსანოვი 2013 წელი და 2018 წელი ფოტოზე ბესლან ლორსანოვი 2013 წელი და 2018 წელი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 ივნისს ხელი მოაწერა ეთნიკური ჩეჩენის, 36 წლის ბესლან ლორსანოვის ექსტრადირებას ყაზახეთის რესპუბლიკაში. ლორსანოვი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 11 ივნისს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ლორსანოვის ექსტრადირება 26 ივნისამდე მოხდება. მას სწორედ ამ დროს ეწურება წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა. „რეგინფომ“ ლორსანოვის საქმეზე სკანდალური ფაქტები მოიძია, რაც მისი ექსტრადირების სამართლიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილია.

„რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისათვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა“.

იმავე დღეს, 11 ივნისს, გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა სტატია: რა კავშირი აქვს რუსთაველზე დაკავებულ საერთაშორისო ძებნილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან?

გამოცემა წერს, რომ დაკავებული პირი 36 წლის ბესლან ლორსანოვია. „მას, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს, ინტერპოლი ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი ბესლან ლორსანოვი აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა“, - აღნიშნავს „პრაიმტაიმი“.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის ბესლან ლორსანოვს არ იცნობს. „ის იქ იმიტომ მოიყვანეს, რომ დასჭირდათ (უშიშროების სამსახურს). მე მას პირადად არ ვიცნობ, არც არასდროს არანაირი ურთიერთობა არ მქონია. უნდოდათ, ალბათ, რომ ჩემთან დაეკავშირებინათ, აი, ვინ უჭერს მას მხარს, რომ სოლიდარობის და საპროტესტო მუხტი შეემცირებინათ“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარს.

ბესლან ლორსანოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წელსაც ჰყავდა დაკავებული. ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„2013 წლის წლის 11 მარტს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე, ძებნილი ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი დააკავეს.

ბესლან ლორსანოვი ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ყაჩაღობა) და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მკვლელობა) ჩადენილი დანაშაულებისთვის 2011 წლიდან იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებული გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ 2013 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავების შემდეგ ბესლან ლორსანოვს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც 2-ჯერ გაგრძელდა. წინასაექტრადიციო პატიმრობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური 9 თვიანი ვადა 2013 წლის 11 დეკემბერს იწურებოდა. თუმცა,

2013 წლის 5 დეკემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, 6 დღით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბესლან ლორსანოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაუქმდა და ის ციხიდან გაათავისუფლეს.

2014 წლის 5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დასაშვებად იქნა ცნობილი ბესლან ლორსანოვის ექსტრადიცია ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2014 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ბესლან ლორსანოვის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ ლორსანოვი არ დაესწრო უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის სხდომას, მიიმალა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის გამო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი ექსტრადიციის მიზნით დაკავება.

ბესლან ლორსანოვი საქართველოში 2011 წლიდან იმყოფება. ბოლო რამდენიმე წელია ის თბილისში, შოთა ნადირაშვილის N24-ში (ჩასახვევი ბერი გაბრიელ სალოსის N127) მდებარე „დირსის“ კომპლექსში, მე-17, „ბ“ კორპუსში ცხოვრობს.

ლორსანოვი რამდენიმე პარტნიორთან ერთად მანქანებით ვაჭრობდა. უცხო ქვეყნებიდან მანქანებს იწერდნენ, არემონტებდნენ და შემდეგ ყიდდნენ. ლორსანოვთან დაახლოებული პირების თქმით, აქციაზე წასვლა მას ქისტებმა სთხოვეს და რუსთაველის გამზირზე მისივე მანქანით წავიდნენ. ლორსანოვის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი წარმოშობით პანკისიდან არის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლორსანოვის დაკავების შემდეგ, 11 ივნისს, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ „რუსთაველის გამზირზე დაკავებული ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირია“.

ინტერპოლის ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალებით, ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი ძებნილთა შორის არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით, შესაძლებელია პირი ინტერპოლით იძებნებოდეს, მაგრამ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყოს.

რატომ არ აკავებდა პოლიცია ბესლან ლორსანოვს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გამოჩენამდე? „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ლორსანოვს სხვადასხვა დროს ჰქონდა პოლიციელებთან შეხება, თუმცა ჩვენი წყაროების ცნობით, რადგან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან მეგობრობდა, პრივილეგიებით სარგებლობდა.

„რეგინფომ“ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 1982 წლის 14 ივნისს დაბადებული ბესლან ლორსანოვი, პარლამენტის შენობის წინ დაკავებამდე 12 დღით ადრე, 2018 წლის 30 მაისს, 500 ლარით დააჯარიმეს, თბილისი-წითელი ხიდის მე-19 კილომეტრზე - საგზაო მონიშვნის დაუმორჩილებლობისა და მართვის მოწმობის არქონის გამო.

კითხვაზე, რატომ არ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი ბესლან ლორსანოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

იყო თუ არა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ვალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, რომელსაც სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, ინფორმაცია შეემოწმებინა და აქვთ თუ არა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ხელმისაწვდომობა ძებნაში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციაზე, შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს: „პატრულ-ინსპექტორებს უნდა შეემოწმებინათ, იყო თუ არა პირი ძებნაში. ეკიპაჟებს მიუწვდებათ ხელი პროგრამაზე, საიდანაც დგინდება არის თუ არა პირი ძებნილი და ა.შ.“.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]