weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატრიარქოსთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

16:43 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვის მომსახურება.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ (თავმჯდომარე - მერაბ ტურავა, წევრები - ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი) 2018 წლის 3 ივლისს მიიღო. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად ჩაითვლება 2018 წლის 31 დეკემბრიდან. 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბერს მიმართეს მოსარჩელეებმა: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“. 

მოსარჩელეთა განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას. იმავდროულად, შემსრულებელი სუბიექტის მიერ შესრულებული სამუშაო შესაძლებელია 18%-ით ნაკლები იყოს, ვიდრე სხვა რელიგიური ორგანიზაციის დაკვეთით განხორციელებული იგივე სამუშაო. ამდენად, სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს და უქმნის მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას. 

მოსარჩელეებს მიუთითებდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის უთანასწორო მოპყრობას ადგენს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური რწმენის უპირატესობის წარმოჩენა სხვა რელიგიებთან შედარებით.

ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]