weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

კვენტინ ტარანტინო კანის კინოფესტივალს უბრუნდება

10:55 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

თავისი რიგით მე-9 ფილმის პრემიერისთვის, ორი ოსკარის, ორი ოქროს გლობუსისა და „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი კვენტინ ტარანტინო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაბრუნდება, სადაც მისი ფილმი უკანასკნელად 2009 წელს იყო საკონკურსე პროგრამაში.

ახალი სურათი სათაურით „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood), რომლის უდიდეს სამსახიობო გუნდში ჰოლივუდის ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი და სხვები მონაწილეობენ, მსოფლიოს კინოეკრანებზე 26 ივლისიდან გამოვა, პრემიერა კი მანამდე, 21 მაისს, საფრანგეთის რივიერაზე გამართულ კინოფორუმზე შედგება.

ფილმის ტრეილერი ახლახანს გავრცელდა.

„სცენარზე ხუთი წელი ვმუშაობდი, თანაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოს ანჯელესში გავატარე, მათ შორის 1969 წელიც, რომელშიც ფილმის მოქმედება ხდება, მაშინ 7 წლის ვიყავი. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ახალი ნამუშევრით მომიწევს ამბის მოყოლა იმ ლოს ანჯელესისა და ჰოლივუდის, რომელიც აღარ არსებობს. უბედნიერესი ვარ დიკაპრიოსა და ბრედ პიტის დინამიური თანამშრომლობით“, - განაცხადა ტარანტინომ.

ფილმის მთავარი გმირი რიკ დალტონი (დიკაპრიო) ვესტერნის ჟანრის სატელევიზიო სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის კასკადიორ-დუბლიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის სასტიკი მკვლელობის ისტორია ფილმის ერთგვარი ფონი იქნება.

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის დეტალები გაამხილა

კვენტინ ტარანტინოს ფილმი კანის საერთაშორისო ფესტივალზე პირველად 1994 წელს აჩვენეს, მაშინ „მაკულატურამ“ (Pulp Fiction) მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“ მიიღო. ამის შემდეგ აღიარებული ამერიკელი რეჟისორის ფილმები ორჯერ იყო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში: 2007 წელს „სიკვდილის მტკიცებულება“ (Death Proof) და 2009 წელს „უსახელო ნაბიჭვრები“ (Inglourious Basterds), რომლითაც ქრისტოფ ვალცმა ფესტივალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიპოვა. ამის გარდა, ტარანტინო კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იყო 2004 წელს.

კანის წლევანდელი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ჟიურის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუა, 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]