weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ავატარის“ ახალ სერიებს კეიტ უინსლეტი შეემატა

11:25 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

პრესტიჟული გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ოსკაროსანი ვარსკვლავი კეიტ უინსლეტი ჯეიმს კამერონის სამგანზომილებიანი კინომოვლენა „ავატარის“ ახალ სერიებში ითამაშებს. მსახიობისა და რეჟისორისთვის აღნიშნული თანამშრომლობა „ტიტანიკის“ შემდეგ მეორე იქნება.

ჯერ-ჯერობით უცნობია კეიტ უინსლეტის პერსონაჟის ვინაობა, ასევე უცნობია, მსახიობი „ავატარის“ დაგეგმილ ოთხივე სიკველში ითამაშებს, თუ - მხოლოდ ორში, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო.

ამჟამად 2009 წელს გამოსული მსოფლიო ჰიტის მეორე და მესამე ნაწილებს ერთდროულად იღებენ. მასში მონაწილეობას ორიგინალი ფილმის სამსახიობო გუნდთან (სემ უორთინგტონი, ზოე სალდანია, სიგურნი უივერი, სტივენ ლენგი, ჯოელ დევიდ მური, კ.კ.ჰ. პაუნდერი, მეტ ჯერალდი) ერთად ქასთის ახალი წევრები - კლიფ კერტისი და უნა ჩაპლინი, ასევე ახალბედა მსახიობები მიიღებენ, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების შვილებს განასახიერებენ.

ცნობილია, რომ ჯეიმს კამერონმა გაგრძელებებისთვის სცენარები, პირველი ფილმისგან განსხვავებით, მარტომ აღარ დაწერა და მას ჯოშ ფრიდმანი, შეინ სალერნო, რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი დაეხმარნენ. კამერონის მუდმივი კოლაბორატორი ოსკაროსანი ჯონ ლანდაუ კი კვლავაც ახალი სერიების პროდიუსერი იქნება. შემქმნელების თქმით, სიკველებში სიუჟეტი პლანეტა პანდორაზე კიდევ უფრო მასშტაბურად განივრცობა და ოთხ ახალ ფილმში მოქმედება წყლის სამყაროშიც გადაინაცვლებს.

„ავატარის“ სიკველების გამოსვლის თარიღები შემდეგნაირადაა დაანონსებული:

„ავატარი 2“ - 2020 წლის 18 დეკემბერი

„ავატარი 3“ - 2021 წლის 17 დეკემბერი

„ავატარი 4“ - 2024 წლის 20 დეკემბერი

„ავატარი 5“ - 2025 წლის 19 დეკემბერი

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს გამოსულმა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა „ავატარმა“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა და 2,787,965,087 დოლარიანი შემოსავლით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. „ავატარმა“ მრავალ ჯილდოს შორის ასევე მოიპოვა 2 ოქროს გლობუსი (საუკეთესო დრამატული ფილმი, საუკეთესო რეჟისორი) და 3 ოსკარი (საოპერატორო ნამუშევარი, მხატვრული გაფორმება-დეკორაციები, ვიზუალური სპეცეფექტები).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]