weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ში სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს

13:13 ორშაბათი, 08 მაისი 2017

სენაკელი მერვეკლასელები ლიკა კოკაია, ნათია შამათავა, ალექსი ტყებუჩავა, გვანცა ჩიქოვანი და დეა ჩიტაია აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ერთკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს. მათი გუნდის Smart Kids (ჭკვიანი ბავშვები) პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ 2017 წლის თებერვალში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ინოვაციის კონკურსისთვის გუნდის მიერ შექმნილ ხელსაწყოს „შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის“ ჰქვია, რომელიც ნაადრევად გრძნობს მეწყერის მოახლოვებას ან მიწისძვრას და მოსახლეობასთან შეტყობინებას გზავნის.

„ხელსაწყოს შექმნის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენი სკოლის წინ საავტომობილო გზა და ხიდი ჩაინგრა, რის გამოც სკოლაში შესვლა უკანა მხრიდან გვიწევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ხელსაწყო, რომელიც წინასწარ შეგვატყობინებდა მოახლოებულ საშიშროებას“, - ამბობს Smart Kids -ის წევრი დეა ჩიტაია.

გუნდის წევრების თქმით, ხელსაწყოს მთავარი მიზანია, რომ ბუნებრივი კატასტროფის დროს ადამიანების სიკვდილიანობა თავიდან იქნეს აცილებული.

„ამ ხელსაწყოში გამოყენებული გავქვს სენსორები და მაგნიტი, რომელიც მაგრდება ნიადაგის ზედაპირზე, ორი სენსორი კი მის ზემოთ. რადგან ნიადაგში ყოველთვის შეინიშნება მცირედი ვიბრაცები, დავაწესეთ ზღვარი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, მას სენსორი აღიქვამს.  სენსორი მონაცემებს sms-ს სახით გადასცემს როგორც ცენტრალურ სერვერს, ისე პლანშეტებში ჩატვირთულ აპლიკაციებს“, - განმარტავენ ალექსი ტყებუჩავა და ნათია შამათავა.

Smart Kids-ის წევრები სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სწავლობენ. ისინი ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში 1–ელ მაისს გაემგზავრნენ, სადაც კოსმონავტების საწვრთნელი ბაზა, მუზეუმები, ლაბორატორიები და კოსმოსური ხომალდები დაათვალიერეს. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ასტრონავტსა და ცნობილ ასტროფიზიკოსს დოქტორ ჯონ დევიდ ბარტოს შეხვდნენ, რომელმაც ახალგაზრდა გამომგონებლებს თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და შეხვედრის ბოლოს, საკუთარი ავტოგრაფით, საჩუქრებიც დაურიგა.

ქართველმა მოსწავლეებმა სხვა უცხოელ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ორ კონკურსში, სადაც პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს.

„ორი კონკურსი გაიმართა, სადაც ჩვენ გარდა კიდევ სხვა ჯგუფები მონაწილეობდნენ. შევქმენით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა მაღალი ტემპერატურისგან, ხოლო მეორე კონკურსში შევქმენით ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავდა დაბალი ტემპერატურისგან. ეს ყველაფერი შემოწმდა ინსტრუქტორების მიერ და აქედან გამომდინარე, ავიღეთ პირველი და მესამე ადგილები“, - ამბობს გვანცა ჩიქოვანი ამერიკის ხმასთან საუბარში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2015 წლიდან, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]