weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბიბლიური სასწაული შესაძლოა მზის დაბნელების ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი აღმოჩნდეს

17:46 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ძველი აღთქმის მეექვსე კანონიკური წიგნის, ისუ ნავეს ძის წიგნის თავსატეხად ქცეული ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც ღვთის სასწაულს აღწერს, შესაძლოა კაცობრიობის მიერ ჩაწერილი მზის დაბნელების უძველესი ფაქტი აღმოჩნდეს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ეს მოვლენა ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბრით დაათარიღეს. აღნიშნულ ბიბლიურ ტექსტში აღწერილია ისუ ნავეს ძის (მართალი ისუ) გამარჯვება ამორიტების ხუთ მეფეზე. მისი მიხედვით, ქანაანში, თანამედროვე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მტრების დევნისას, იგი ლოცვას იწყებს.

„მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და მთვარევ, აიალონის ველზე! დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.“ - ვკითხულობთ ბიბლიაში.

მკვლევარ კოლინ ჰამფრისის თქმით, თუკი ეს პასაჟი რეალურ დაკვირვებებს აღწერს, მაშინ ადგილი უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენას, თუმცა იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა, რთულია.

„თანამედროვე თარგმანებში ეს ტექსტი იშიფრება იმ მნიშვნელობით, რომ მოძრაობა შეწყვიტეს მზემ და მთვარემ, მაგრამ თუკი ჩავხედავთ ორიგინალ ებრაულ ტექსტს, მივხვდებით, რომ ალტერნატიული მნიშვნელობის მიხედვით, მზეს და მთვარეს უნდა შეეწყვიტათ ის ქმედება, რასაც ისინი როგორც წესი, ჩვეულებრივ აკეთებენ: შეწყვიტეს ნათება. ამ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ებრაულ სიტყვა „დადგომას“ იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ბაბილონურ სიტყვას, რომელიც უძველეს ასტრონომიულ ტექსტებში მზის დაბნელების აღსანიშნავად იყენებენ“. - აღნიშნავს კოლინ ჰამფრისი.

წარსულში მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ მოვლენა შესაძლოა მზის დაბნელებას აღწერდა. თარიღების უფრო დასაზუსტებლად, მათ ორი ტექსტიც გამოიყენეს, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში ვერანაირ დაბნელებას ვერ მიაგნეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი მზის სრულ დაბნელებას ეძებდნენ, როდესაც მთვარე მზის დისკოს მთლიანად ფარავს. მათ მხედველობაში არ მიუღიათ მზის რკალისებრი დაბნელება, როდესაც დიდია მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის, რის გამოც მთვარე პატარა ჩანს და მზეს მთლიანად ვერ ფარავს - გარშემო ნათელი რკალი რჩება.

კემბრიჯის მკვლევარებმა მათემატიკას მიმართეს: ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბერს, მზის რკალისებრმა დაბნელებამ მოიცვა თანამედროვე კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, პორტუგალიისა და ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო, ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. შეიძლება ეს ადამიანთა მიერ ჩაწერილი უძველესი მზის დაბნელება არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნამდვილად არის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]