weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალაღმოჩენილი დინოზავრი ევროპისა და აფრიკის უძველეს კავშირზე მიუთითებს

14:03 შაბათი, 03 თებერვალი 2018

აფრიკის კონტინენტზე ერთ დროს უზარმაზარი, უნიკალური სახეობის დინოზავრები ბინადრობდნენ, მაგრამ მეცნიერებმა თითქმის არ იციან, თუ როგორ არიან ისინი დაკავშირებული აზიაში აღმოჩენილ დინოზავრებთან. სწორედ ამიტომ ეგვიპტეში გაკეთებულმა ახალმა აღმოჩენამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

საჰარის უდაბნოს ეგვიპტის მონაკვეთში, მანსურის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის პროექტის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარე გათხრებისას, ავტობუსის ზომის ზავროპოდის ნამარხი აღმოაჩინეს. დინოზავრების ეს ოჯახი მოიცავდა დედამიწაზე ოდესმე არსებულ ისეთ დიდ მონსტრებს, როგორებიც იყვნენ ბრაქიოზავრი და დიპლოდოკი. ახლად აღმოჩენილ ქმნილებას Mansourasaurus shahinae უწოდეს და ამჟამად მას აქტიურად სწავლობენ, რათა გაარკვიონ, თუ რატომაა ამ რეგიონში ასე ცოტა დინოზავრის ნამარხი აღმოჩენილი.

მანსუროზავრი დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ახლად აღმოჩენილი ნამარხი ეგზემპლარის ზომა 8-10 მეტრი უნდა ყოფილიყო, წონით კი აფრიკულ სპილოზე მეტი. როგორც ნამარხიდან ირკვევა, ის გრძელკისერა ბალახისმჭამელი ყოფილა, კანზე კი აქა-იქ უნდა ჰქონოდა ძვლოვანი ფირფიტები. მანსუროზავრი მკვლევარებს ეხმარება, პასუხი გაეცეს დიდი ხნის მანძილზე არსებულ კითხვებს აფრიკის ნამარხებისა და პალეობიოლოგიის შესახებ - რომელი ცხოველები ბინადრობდნენ იქ და სხვა სახეობის რომელ ცხოველებს ენათესავებოდნენ ყველაზე ახლოს?

აფრიკაში ნამარხებს იშვიათად პოულობენ, რადგან გვიანი ცარცული პერიოდის (100-66 მლნ წლის წინ) მრავალი ნაშთი ჩარჩენილია მცენარეოლობით დაფარული მიწის ქვეშ და მოშიშვლებული არაა კლდოვან ქანებში, სადაც მათი აღმოჩენა იოლი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ეს აღმოჩენა ამაღელვებელია - მანსუროზავრის ძვლები საოცრად კარგადაა შემონახული, მათ შორის არის თავის ქალის, ქვედა ყბის, კისრის, ხერხემლის, ნეკნების, მხრებისა და წინა კიდურების ნაწილები, ასევე შემორჩენილია უკანა ფეხებისა და კანის ძვლოვანი ფილების დიდი ნაწილი.

გვიანი ცარცული პერიოდის ხანაში, დედამიწა ახლანდელთან შედარებით სრულიად სხვანაირი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო დაშლა გაერთიანებულმა სუპერკონტინენტმა პანგეამ და პლანეტაზე დრამატული გეოლოგიური ცვლილებები მოხდა. ფლორისა და ფაუნის ნამარხები ბრწყინვალე საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ როგორ იყვნენ კონტინენტები შეერთებული. სწორედ ამ საკითხში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მანსუროზავრის აღმოჩენას. ეს დინოზავრი უფრო ახლოს ენათესავებოდა ევროპისა და აზიის ზავროპოდებს, ვიდრე სამხრეთ ამერიკის ან თუნდაც სამხრეთ აფრიკისას. მკვლევართა თქმით, ეს იმას ამტკიცებს, რომ გვიანდელ ცარცულ პერიოდში სულ მცირე, რამდენიმე დინოზავრი მაინც მოძრაობდა ევროპასა და აფრიკას შორის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]