weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

5 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტებზე

17:12 სამშაბათი, 13 მარტი 2018

არსებობის ისტორიაში ჰოლივუდი თითქმის ყველა პერიოდში ქმნიდა ჟურნალისტებსა და რეპორტიორების შესახებ საინტერესო ფილმებს. უმრავლესობა მათგანი დადებითი შეფასებებითა და საყოველთაო აღიარებით გამოირჩევა. ის რაც ჩამოთვლილ ხუთივე ფილმს აერთიანებს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოებია, მათგან ოთხი კი რეალური მოვლენების მიხედვითაა გადაღებული.

All the President’s Men (1976) - რეჟისორ ალან ჯ. პაკულას კინოკლასიკად მიჩნეულ სურათში რეალური მოვლენებია აღწერილი. The Washington Post-ის ორი ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდისა (რობერტ რედფორდი) და კარლ ბერნსტაინის (დასტინ ჰოფმანი) გამოძიება, რომელიც სკანდალურ „უოტერგეიტის საქმეს“ ეხებოდა, საბოლოოდ ქვეყნის პირველი პირის იმპიჩმენტით დასრულდა. რიჩარდ ნიქსონის გუნდის წინასაარჩევნო მაქინაციების გულმოდგინე და საშიში გამოძიების შედეგად, ჟურნალისტმა დუეტმა მთელ ქვეყანას დაანახა პრეზიდენტის ჭეშმარიტი სახე. ფილმი, რომელიც მომხდარი მოვლენებიდან სამ წელიწადში გამოვიდა, გადაღებულია ვუდვორდისა და ბერნსტაინის მემუარის მიხედვით. ოსკარების დაჯილდოებაზე ფილმს 4 ჯილდო ერგო: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში (ჯეისონ რობარდსი), საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება და საუკეთესო ხმის ეფექტები, თუმცა დღეს უამრავი კინოკრიტიკოსი მიიჩნევს, რომ კინოაკადემიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იმ წლის საუკეთესო ფილმად სპორტული დრამა „როკი“ დაასახელა და არა ეს ფილმი, ანდა სიდნი ლიუმეტის „ქსელი“.

Network (1976) - სიდნი ლიუმეტის ასევე კინოკლასიკად აღიარებული ფილმი, რომელიც ზემოთხსენებულ ფილმს ოსკარებს ეცილებოდა, პირდაპირ ეთერში სუიციდის სურვილით შეპყრობილ ტელეწამყვანზეა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობილი ამბავი მთავარ გმირს (პიტერ ფინჩი) თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, შემდგომში განვითარებული მოვლენები კი მის „მკვდარ“ გადაცემას მაღალ რეიტინგს დაუბრუნებს... კინოშედევრი იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი ისტორიაში მეორე ფილმი გახდა, რომლითაც ერთბაშად სამმა მსახიობმა (პიტერ ფინჩი, ფეი დანაუეი, ბეატრის სტრეიტი) შეძლო ოსკარების მოპოვება, მეოთხე ჯილდო ფილმისთვის კი ორიგინალ სცენარში პედი ჩაევსკიმ აიღო. აღსანიშნავია, რომ პიტერ ფინჩს ოსკარი სიკვდილის შემდეგ ერგო - მსახიობი 60 წლის ასაკში გულის შეტევით კინოაკადემიის დაჯილდოებამდე მცირე ხნით ადრე დაიღუპა.

Good Night, and Good Luck. (2005) - რეტრო სტილში გადაღებული ბიოგრაფიული დრამა 50-იან წლებში ტელეარხ CBS-ის სახე ედვარდ მაროუს შესახებაა. ამერიკის სიმბოლოდ მიჩნეულ ჟურნალისტს შავ-თეთრ ფილმში დევიდ სტრეთერნი ასრულებს, რომელმაც აღნიშნული როლით საოსკარე ნომინაცია მოიპოვა, სულ კი ფილმს 6 ნომინაცია ერგო, მათგან ორი - სცენარის ავტორსა და რეჟისორ ჯორჯ კლუნის. მშვიდი ხასიათის მქონე გონებამახვილი წამყვანი, რომელიც ქვეყანას მთავარ სიახლეებს აცნობს, ესწრაფვის მკაფიო, ხმაურიან ამბებს და როგორც შესაძლებლობა მიეცემა, გადაცემების სერიის დახმარებით, კომუნისტური შეხედულებების მსხვერპლის გადასარჩენად გავლენიან სენატორ ჯოზეფ მაკარტის კარიერასაც კი შეარყევს.

Spotlight (2015) - ოსკარების დაჯილდოების გამარჯვებული ფილმი ასევე რეალურ ისტორიაზეა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გაზეთ The Boston Globe-ის ჟურნალისტთა ჯგუფის გამოძიებაზე გვიამბობს. 2001 წელს „ბოსტონ გლოუბის“ საგანგებო განყოფილების უფროსმა უოლტერ რობინსონმა ჯგუფთან ერთად ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში მღველდთმსახურების მიერ არასრულწოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ. გაზეთის ახალმა მთავარმა რედაქტორმა, მარტი ბარონმა მამაც ჟურნალისტებს, რომლებსაც სრულიად კათოლიკურ სამყაროსთან მოუწიათ დაპირისპირება, ყველანაირად შეუწყო ხელი იმ ფაქტების გასაჯაროებაში, რომლებსაც ოფიციალური პირები წლების განმავლობაში მალავდნენ. კათოლიკურ ეკლესიაში აღმოჩენილ პედოფილიის ფაქტების გამოაშკარავების გამო ჟურნალისტები პულიცერის პრემიით დაჯილდოვნდნენ, ტომ მაკკართის ფილმს კი წლის საუკეთესო ფილმის წოდებასთან ერთად ოსკარი ორიგინალ სცენარშიც ერგო.

The Post (2017) - სტივენ სპილბერგის პოლიტიკური თრილერი, რომელმაც მერილ სტრიპს რეკორდული 21-ე საოსკარე ნომინაცია მოუტანა, ასევე 70-იან წლებში მომხდარ რეალურ ისტორიაზეა. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში დაცული დოკუმენტები, ე.წ. პენტაგონის ქაღალდები, რომლებიც 1945-1967 წლებში აშშ-ვიეტნამის პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობაზე მასალებს შეიცავდა და ნათლად ასახავდა შეერთებული შტატების ჩართვას ვიეტნამის კონფლიქტში, 1971 წელს გაზეთ The New York Times-ში სამხედრო ანალიტიკოსმა და აქტივისტმა დენიელ ელსბერგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობისა და კონგრესის წინაშე სიცრუეში ამხილა. სპილბერგის ფილმის სიუჟეტი გამოცემების, The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ჯგუფზე გვიამბობს - გაზეთის პირველი ამერიკელი ქალი გამომცემლის, კეტრინ გრემისა (მერილ სტრიპი) და მისი „ვაშინგტონ პოსტის“ ენერგიული რედაქტორის, ბენ ბრედლის (ტომ ჰენკსი) უპრეცედენტო ბრძოლაზე ჟურნალისტებსა და ქვეყნის მთავრობას შორის. ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც ნიქსონის პერიოდის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ეს ფილმი დონალდ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო პირდაპირი ალეგორიაა (ამერიკაში დღეს ნიქსონსა და ტრამპს შორის გამუდმებით ავლებენ უამრავ პარალელს), ფილმის მთავარი ანტაგონისტი თეთრ სახლში მჯდომი, სილუეტად დანახული ნიქსონია (სხვათა შორის ფილმში მისი რეალური ხმაა გამოყენებული, ისევე როგორც ნაჩვენები დოკუმენტები დანიელ ელსბერგის მიერ მოპოვებული რეალური პენტაგონის ქაღალდებია), ფილმის ფინალური სცენა კი უკვე ნახსენები უოტერგეიტის სკანდალის დასაწყისია - მსგავსი კადრით იწყება All the President’s Men, ამიტომაც შეიძლება თქვას, რომ სპილბერგის ფილმი ერთგვარი წინაისტორიაა ამ სიის სათავეში მყოფი კინოშედევრისა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]