weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტერი გილიამმა დონ კიხოტის შესახებ ოცწლიანი კინოპროექტი დაასრულა

15:18 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

აღიარებულმა სცენარისტმა და რეჟისორმა, ოსკარის ნომინანტმა ტერი გილიამმა მრავალწლიანი პროექტის გადაღებები დაასრულა. ფილმზე სათაურით „ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა“, 76 წლის რეჟისორი თითქმის ოცი წელი მუშაობდა.

ტერი გილიამმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რითაც საზოგადოებას ამცნო გაჭიანურებული კინოპროექტის გადაღებების დასრულების შესახებ.

სათავგადასავლო ფენტეზი ფილმის მთავარი პერსონაჟი ტობი გრიზონია, რომელიც დროში მოგზაურობით მე-17 საუკუნეში მოხვდება და მიგელ დე სერვანტესის რომანის გმირს შეხვდება. ტერი გილიამის ხშირი კოლაბორატორი ტონი გრიზონის მიერ დაწერილი სცენარის სიუჟეტი შთაგონებული მარკ ტვენის ნაწარმოებით - „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“. ფილმში მთავარ როლებს ახალგაზრდა ვარსკვლავი ადამ დრაივერი და ოლგა კურილენკო ასრულებენ, დონ კიხოტს კი ბრიტანელი მსახიობი ჯონათან პრაისი განასახიერებს, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ტერი გილიამის საუკეთესო ფილმად მიჩნეულ „ბრაზილიაში“ (1985).

ტერი გილიამმა აღნიშნული ფილმის წარმოება 1998 წელს, გადაღებები კი 2000 წელს ესპანეთში დაიწყო, მასში მთავარ როლს ჯონი დეპი და ვანესა პარადი ასრულებდნენ. გადაღების პროცესში დონ კიხოტის როლის შემსრულებელმა ფრანგმა მსახიობმა ჟან როშფორმა ცხენზე ჯდომისას ტრავმა მიიღო და გადაღებები შეწყდა. ამას დაემატა რთული კლიმატური პირობები, რამაც გადასაღები მოედანი და დეკორაციები დააზიანა და პროექტი ჩაიშალა. გადაღებული მასალის მიხედვით მოგვიანებით დოკუმენტური ფილმი „ლა მანჩაში დაკარგული“ გამოვიდა, სადაც პრობლემატურ ფილმზე მუშაობის პროცესი იყო ნაჩვენები.

ათი წლის შემდეგ ფილმის თავიდან გადაღების შესახებ დაიწყო საუბარი. მთავარ როლებზე ჯერ რობერტ დიუვალი (დონ კიხოტი) და ევან მაკგრეგორი, შემდეგ კი ჯონ ჰარტი (დონ კიხოტი) და ჯეკ ო’კონელი სახელდებოდნენ. ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდის როლზე ასევე მოიაზრებოდნენ მაიკლ პეილინი და ჟერარ დეპარდიე. ხელისშემშლელი ფაქტორები ხან ფინანსების არქონა, ხანაც მსახიობის სიკვდილი (ჯონ ჰარტი) ხდებოდა, საბოლოოდ კი ტერი გილიამმა მთავარი როლების შემსრულებლებიც იპოვა და გადაღებებიც დაასრულა. „ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა“ კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]