weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მომდევნო ხუთი წელი ნორმალურზე გაცილებით ცხელი იქნება

12:51 შაბათი, 25 აგვისტო 2018

გასული ოთხი წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი იყო მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის შენახვას ახერხებს. ახალი სამეცნიერო პროგნოზის მიხედვით, ანომალიურად ცხელი იქნება მომდევნო ხუთი წელიც და შესაძლოა, დამყარდეს ყველაზე ცხელი წლის ახალი რეკორდიც, რომელიც ამჟამად 2016 წელს ეკუთვნის.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორის, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერის, ფლორიან სეველეკის განცხადებით, მომდევნო ხუთი ან მეტი წელი დიდი ალბათობით, ანომალიურად ცხელი იქნება, რასაც თან უნდა ახლდეს ანომალიური სიცივეც.

მართალია, დედამიწა თბება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველი წელი წინა წელზე უფრო ცხელი უნდა იყოს. არსებობს დათბობის ზოგადი ტენდენცია, ანუ ყოველი ათწლეული წინაზე უფრო თბილია, მაგრამ მათ შორის არის განსაკუთრებით ცხელი წლებიც.

გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა მტკიცე ტემპით გრძელდება, ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. ხსენებულმა კვლევამ მონაცემები აიღო ამჟამად არსებული კლიმატის ცვლილების 10 მოდელიდან, ანუ სიმულაციიდან, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს ბუნებრივი ფაქტორები პლანეტის ტემპერატურაზე. ამის შემდეგ, იგივე სიმულაციებით სცადეს დაედგინათ, რა როლს ითამაშებს ეს ფაქტორები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. როგორც კვლევამ დაადგინა, ამ პროგნოზზე დაყრდნობით, არსებობს 58 პროცენტიანი შანსი, რომ 2018-დან 2022 წლამდე დედამიწის ზოგადი ტემპერატურა ანომალიურად მაღალი იყოს. ოკეანეების წყლის შემთხვევაში ეს ალბათობა 69 პროცენტია. საკმაოდ ცხელი იყო 2018 წელიც, მაგრამ არა რეკორდულად.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ეს პროგნოზი მხოლოდ ალბათობას ემყარება და უდავო ჭეშმარიტება არ არის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]