weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რატომ გაქრა დედამიწაზე სიცოცხლე 250 მილიონი წლის წინ

17:03 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ დედამიწა კატასტროფის გამო შეიცვალა. ციმბირში მიმდინარე მასიურმა ვულკანურმა აქტივობამ პლანეტა თითქმის მილიონი წლის განმავლობაში გაახვია ფერფლში, რის შედეგადაც იმ დროს არსებული სიცოცხლის უდიდესი ნაწილი (წყლის სახეობათა 96% და ხმელეთის ხერხემლიანთა 70%) მოისპო. ეს მოვლენა, რომელსაც „დიდი კვდომა“ უწოდეს, წარმოადგენდა ყველაზე სასტიკ გადაშენებას, რაც კი ოდესმე მომხდარა დედამიწაზე.

ვულკანური აქტივობა იმდენად ინტენსიური იყო, რომ კვალის სახით დატოვა ვულკანური ქანების უზარმაზარი რეგიონი, რომელსაც დღეს ციმბირის ტრაპებს უწოდებენ. დედამიწის ქერქში წარმოქმნილი ვულკანური ნახვრეტებიდან საერთო ჯამში 1.5 მილიონი კუბური კილომეტრი ლავა ამოვიდა.

საფრანგეთის პეტროგრაფიული და გეოქიმიური კვლევების ცენტრის გეოლოგის, მაიკლ ბროუდლის თქმით, ამ გადაშენების მასშტაბი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მეცნიერები ხშირად ფიქრობენ, რატომ იყო ციმბირის ბაზალტის ნაკადები გაცილებით მომაკვდინებელი სხვა მსგავს ამოფრქვევებთან შედარებით. ამჯერად მას და მის ჯგუფს სჯერათ, რომ ამ კითვხვაზე პასუხს უკვე მიაგნეს.

„დიდი კვდომის“ დროს დედამიწამ დრამატული ცვლილებები განიცადა. პლანეტა მნიშვნელოვნად გათბა. ამის მიზეზი გახლდათ დიდი ოდენობით ამოფრქვეული ისეთი ვულკანური აქროლადები, როგორიცაა ნახშირორჟანგი. მიჩნეულია, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაათხელა ოზონის შრეც, რამაც გამოიწვია მცენარეების სტერილიზაცია - მათ გამრავლება აღარ შეეძლოთ.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა პერიდოტიტის ნამსხვრევები. ეს არის მანტიის ერთ-ერთი ქანი , რომელიც ზედაპირზე ამოიტანა ციმბირის მაგმის ნაკადებმა, იგივე ქსენოლიტებმა. ზოგიერთი ეს ქსენოლიტი 360 მილიონი წლის წინანდელი, ანუ ამოფრქვევამდელი აღმოჩნდა. ზოგიერთის ასაკი კი 160 მილიონი წელია, ანუ მიეკუთვნება ამოფრქვევათა შემდეგ პერიოდს. როგორც ჩანს, ამოფრქვევამდე ციმბირის ლითოსფეროში უხვად იყო ჰალოგენების სახელით ცნობილი ელემენტთა ჯგუფი, განსაკუთრებით ქლორი, ბრომი და იოდი. ეს ელემენტები ზღვის წყალშია წარმოდგენილი და სავარაუდოდ, ლითოსფეროში სუბდუქციის, ანუ ტექტონიკურ ფილებს შორის არსებული ზონების გზით შევიდა.

60 მილიონი წლის ქსენოლიტების შედარებამ ჰალოგენების მკვეთრი შემცირება აჩვენა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქანებიდან მათი გამოყოფის მიზეზი რაღაც მონუმენტური მოვლენა გახდა, მაგალითად, უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევა.

ჯგუფის გათვლების მიხედვით, ამოფრქვევების კვამლის აქროლადთა შემცველობის 70 პროცენტი ლითოსფეროდან გამოიყო. ამას კი თავის მხრივ გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა. ამოფრქვევების დროს ციმბირის ლითოსფეროში შენახულ ჰალოგენთა ვრცელი რეზერვუარი დედამიწის ატმოსფეროში გაიტყორცნა, რამაც თანდათან გაანადგურა ოზონის ფენა და გამოიწვია მასობრივი გადაშენება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]