weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქვა, რომელსაც ფერმაში იყენებდნენ, $100 000 ღირებულების მეტეორიტი აღმოჩნდა

15:41 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

მიჩიგანის შტატის მეექვსე უდიდესი მეტეორიტი აღმოჩენიდან 80 წლის შემდეგ კვლავ ექსპერტთა ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან გაირკვა, რომ ათკილოგრამიან კოსმოსურ ნამსხვრევს ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ ფერმაში კარზე მისაყუდებლად იყენებდნენ.

ქალაქ გრანდ-რაპიდსის მცხოვრებმა ანონიმურმა მამაკაცმა ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტის გეოლოგს, მონა სირბესკუს თხოვნით მიმართა, შეემოწმებინა უცნაური ქვა, რომელიც მას თითქმის 30 წელია ჰქონდა. პროფესიიდან გამომდინარე, სიბერასკუსთვის ეს თხოვნა უცნაური სულაც არ ყოფილა, რადგან ამ კითხვით როგორც წესი, მას მრავალი ადამიანი მიმართავდა. ჩვეულებისამებრ, ადამიანებს აინტერესებთ, არის თუ არა რომელიმე უცნაური ქვა მეტეორიტი. გეოლოგის თქმით კი, ბოლო 18 წლის განმავლობაში, პასუხი ყოველთვის იყო - „არა“, მაგრამ ამჯერად, პასუხი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა - საქმე ეხებოდა არა უბრალოდ კოსმოსურ ქვას, არამედ განსაკუთრებით გამორჩეულ მეტეორიტს.

ედმორის მეტეორიტის სახელით ცნობილი კოსმოსური ქვა რკინა-ნიკელის მოზრდილი მეტეორიტია, რომელშიც ნიკელის წილი 12 პროცენტია.

საინტერესო ამბავია ისიც, თუ როგორ მოხვდა ეს მეტეორიტი ანონიმური მფლობელის საკუთრებაში. უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით, ამ კაცმა სოფელ ედმორში ფერმა 1988 წელს იყიდა და მამულში კარზე მიყუდებული დიდი ქვა შენიშნა. მისი ერთადერთი დანიშნულება ის იყო, რომ კარი არ დახურულიყო. ძველმა მეპატრონემ ახალს უთხრა, რომ ეს ქვა მეტეორიტი იყო, რადგან 30-იან წლებში, ერთ ღამეს მან და მამამისმა დაინახეს, როგორ ჩამოვარდა ციდან მათ მამულში ეს ქვა ხმაურით. დილით მათ კრატერი დახვდათ, რომელიც გათხარეს და შიგ ჯერ კიდევ თბილ მეტეორიტს მიაგნეს. ახალი მფლობელი მას 30 წლის განმავლობაში ინახავდა და ძირითადად კარზე მისაყუდებლად, ჩასაკეტად იყენებდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მის ბავშვებს ის სკოლაში საჩვენებლად მიჰქონდათ. ამასობაში, მამაკაცმა შეიტყო, რომ მეტეორიტების პატარა ნამსხვრევების პოვნითა და გაყიდვით ხალხი ფულს აკეთებდა, შესაბამისად, იგივე საქმით თავადაც დაინტერესდა.

მეტეორიტის ფასი მისი შემცველი ელემენტების იშვიათობიდან გამომდინარე განისაზღვრება. კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ანალიზებით ირკვევა, რომ კარზე მისაყუდებლად გამოყენებული მეტეორიტის ფასი დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი უნდა იყოს. როგორც წესი, ასეთ მეტეორიტებს მუზეუმები ან კერძო კოლექციონერები ყიდულობენ. ამ კონკრეტული მეტეორიტს სავარაუდოდ სმიტსონის ცენტრი ან მენის მინერალების მუზეუმი იყიდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]