weather cur horoscope tv
ივნისი 22, 2024

არაბეთის ცის მბრძანებლები

14:35 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანმა დედამიწის ყველაზე სწრაფ ბინადართან - შევარდენთან განსაკუთრებული კავშირი დაამყარა, თუმცა ამ პრაქტიკით არაბეთის ნახევარკუნძულზე მეტად თავს ვერცერთი რეგიონი იწონებს - პლანეტის ბაზიერთა ნახევარზე მეტი დღეს სწორედ აქ ცხოვრობს.

ბაზიერობა, რომელიც ქორს, არწივსა და ნებისმიერ სხვა მტაცებელ ფრინველსაც მოიცავს, ევროპელი მონარქებისთვის მეტწილად სპორტი იყო, არაბეთში კი - გადარჩენისთვის არსებითი იარაღი.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში შეიხმა ბუტი ბინ მაკტუმ ბინ ჯუმა ალ მაკტუმმა არაბულ ბაზიერობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში შეიტანა წვლილი და ახლო აღმოსავლეთის ბაზიერობაში მნიშვნელოვანი სიახლეები დაამკვიდრა. იგი ველური ფრინველებით ნადირობას საკუთარი მტაცებლების გამრავლებას ამჯობინებს. მისი თითოეული მონადირე ფრინველი პირადად ჯვარდება და იზრდება. არადა მიიჩნეოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, იქამდე სანამ ნაცისტების ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან გიორინგის ბაზიერი რენც ვალერი 1942 წელს წარმატებით გაამრავლებდა შევარდნებს ტყვეობაში. შეიხ ბუტი ბინ მაკტუმის აზრით, ასეთ გამრავლებას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს შევარდნების დაცვაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზოგიერთ სახეობას საარსებო გარემოს დაკარგვა და არალეგალური ვაჭრობა ემუქრება. აბუ-დაბის შევარდნების ჰოსპიტლის ვეტერინარები და ასისტენტები წელიწადში დაახლოებით 11 000 ფრინველს მკურნალობენ. შესაბამისად, ეს მსოფლიოში ფრინველთა უდიდესი საავადმყოფოა.

ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან, როდის დაიწყო კაცობრიობამ ფრინველების დაჭერა, წვრთნა და მათი დახმარებით ისეთ ცხოველებზე ნადირობა, რომელთაც იარაღით ან მახეებით ვერ იჭერდნენ. უძველეს ეპოს „გილგამეშიანში“ ნახსენებია, რომ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ერაყს წარმოადგენს, ბაზიერობა 4000 წლის წინაც კი არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში შევარდნის დაჭერისა და წვრთნის პრაქტიკა ჩვენთვის ნაცნობ ცივილიზაციებში გავრცელდა. ტუტანხამონი შევარდნის საკიდით დაასაფლავეს, ბერძნებმა მონეტებზე ზევსი შავარდნის თანხლებით გამოსახეს, ერთ-ერთმა პირველმა იაპონელმა ბაზიერმა ქალმა ამ თემაზე ტრაქტატიც დაწერა, ძველ სკანდინავიელ ვაჭრებს სონღულები გასაყიდად ისლანდიიდან მთელ ევროპაში ჩაჰყავდათ, როდესაც მარკო პოლო XIII საუკუნეში ყუბილაი ყაენს შეხვდა, მონღოლეთის მმართველს 60 კაცი ჰყავდა დაქირავებული, რომელთაც 10 000 ბაზიერი ებარათ, ამასობაში ევროპაში საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ 30 წელი პირადად იკვლია ბაზიერობა - მისი ამომწურავი სამეცნიერო ნაშრომი დღესაც ამ სპორტის ისტორიასა და ტექნიკაზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წიგნად ითვლება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]