weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

აზერბაიჯანის პროკურატურა აფგან მუხთარლის თბილისში დაკავების ვერსიას უარყოფს

13:32 ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 hits 1179

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობით თბილისში დააკავეს. უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მუხთარლის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პარლამენტის (მეჯლისი) ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა ელმან ნასიროვმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაკავება, მისი აზრით, ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოხდა.

ელმან ნასიროვის ეს განცხადება აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ უარყო და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მუხთარლის დაკავებისთვის არ მიუმართავთ.

ჟურნალისტის გაუჩინარებაში მონაწილეობა უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს მან ადვოკატს დაურეკა და უთხრა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი მისი თავი აზერბაიჯანელებს გადასცეს.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აფგან მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქართველოში მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. ის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

აფგან მუხთარლი საქართველოში 2015 წლის იანვრიდან ცხოვრობდა. მან აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, რადგან პროფესიული საქმიანობის გამო ხელისუფლება დევნიდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]