weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორის პარკში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

14:56 შაბათი, 17 ნოემბერი 2018
ფოტო: დიანიუსი ფოტო: დიანიუსი

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცავები 15 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. დღეს პარკში სპეციალური ტექნიკა მიიტანეს, რომლის მეშვეობითაც ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას იკვლევენ. არაოფიციალური ცნობით, პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ნეშტს ეძებს. წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეშტის ადგილსამყოფელი 8 წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის მკვლელობასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაასახელა.

სახაზინო ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის თქმით, მას იაგო ნებიერიძესთან არ უსაუბრია დანაშაულზე, რომელიც 14 წლის წინ ბავშვის გაუჩინარებას უკავშირდება.

„14 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე ჩემთვის, ამ ეტაპზე, არაფერია ცნობილი და ვერც ვერაფერს გეტყვით მისი პოზიიდან გამომდინარე. არ საუბრობს არანაირ საქმესთან დაკავშირებით, დუმილის უფლებას იყენებს“, – განაცხადა სახაზინო ადვოკატმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს, რის საფუძველზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და რას ისახავს მიზნად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე 25 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი 27 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა.

იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე, 14 წლის წინ, მისი 11 წლის შვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა.

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში: თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი გამოძალვაზე მოიხადა“, – ციტირებს Qartli.ge ხათუნა ბერძნიშვილის კომენტარს.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, გორის პარკში საგამოძიებო მოქმედებების დაწყების შემდეგ ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ 2004 წელს ბავშვის კვალი სწორედ ამ პარკში მიდიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]