weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოპოზიციას შეუძლია თელავისკენ მსვლელობა ყვარლის გავლით ან ფეხით გააგრძელოს – კუპატაძე

12:54 კვირა, 16 დეკემბერი 2018
ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს თელავისკენ ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობას მხოლოდ ყვარლის გავლით მისცემენ, ხოლო ველისციხე-თელავის გზა (დაახლოებით 30 კმ) შეუძლიათ ფეხით გაიარონ.

„როდესაც მოხდა გზაზე მოძრაობის შეზღუდვა, ოპოზიციის წარმომადგენლებს განვუსაზღვრეთ, ზუსტად მივუთითეთ მარშრუტი, რითიც უნდა ემოძრავათ. ყვარლის გავლით უნდა მოხვედრილიყვნენ თელავში, სადაც იყო ორგანიზებული, როგორ მივიდოდა ეს ხალხი დანიშნულების ადგილამდე.

ეს იყო შატლებით, ავტობუსებით და ა.შ. მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე მისვლის საშუალება მათ ეძლევათ, უბრალოდ, ეტყობა, არ სურთ. ჩვენ ვუთხარით, რა მარშრუტით უნდა მისულიყვნენ, მაგრამ წამოვიდნენ პროვოკაციაზე და ხედავთ რაც ხდება - უწევენ წინააღმდეგობას პოლიციას, ამტვრევენ პოლიციის მანქანებს და ა.შ... ჩვენ არანაირ პრობლემას არ ვუქმნით, შეუძლიათ ფეხით გააგრძელონ მოძრაობა“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ინაუგურაციის ცერემონიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, გზის რომელ მიმართულებაზე დააწესოს შეზღუდვა და რომელზე - არა.

კითხვაზე, რა რეაგირება ექნება საპატრულო პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საკუთარი ძალებით შეეცდებიან გზის გახსნას, კუპატაძემ უპასუხა: „საკუთარი ძალებით როგორ შეეცდებიან? ჩვენ აქ ვართ“.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თელავამდე მისვლას ყვარლის გავლითაც ვერ მოახერხებენ, რადგან პოლიციას ეს გზაც გადაკეტილი აქვს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ასობით ავტომობილით თელავში ჩასვლას ცდილობენ, სადაც მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი. საპატრულო პოლიციამ მათ კოლონას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა. მანამდე კოლონა არც გომბორის გზაზე გაატარეს.

თელავში, ბატონის ციხის ტერიტორიაზე ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]