weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საპატრიარქო - ვწუხვართ, რომ უკვე 4 თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება

21:31 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017
საპატრიარქო - ვწუხვართ, რომ უკვე 4 თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება ფოტო © Sputnik

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

"საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.

ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც "ციანიდის საქმეს" უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყევტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტემია თვითნებურად დაადო.

"ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა", - აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის 27 ივნისის განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 2 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ანგარებით პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]