weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პრემიერს მიმართავენ

11:51 შაბათი, 06 აპრილი 2019
ფოტო © როინ მალაყმაძე ფოტო © როინ მალაყმაძე

მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა, რომლებიც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვა მოამზადეს. მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება მოძრაობამ „სიტყვის კაცები“ გუშინ, ბათუმში დაასრულა.

„სიტყვის კაცების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, როინ მალაყმაძემ „ტვ 25“-ის ეთერში განაცხადა, რომ ხელმოწერების რაოდენობა 8 ათასს აღწევს. მისივე თქმით, მიმართვას ხელი არა მხოლოდ ხელვაჩაურში, არამედ მთელ აჭარაში მოაწერეს. მას თან ერთვის საზღვარგარეთ მცხოვრები მაჭახლელების ელექტრონული ხელმოწერებიც.

როგორც როინ მალაყმაძემ განაცხადა, ეცდებიან ხელისუფლებას დაანახონ მაჭახლის ხეობის პოტენციალი და ის ზიანი, რაც შეიძლება ჰესების აშენებას მოჰყვეს.

„მოვითხოვთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუქმოს ყველა სახის მემორანდუმი, რომელიც მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის მიმართულებით არის დადებული. მაჭახლის ხეობას გააჩნია სხვა პერსპექტივა. ეს არის დაცული ტერიტორიების ზრდა, ეთნოსოფლისა და ტურიზმის განვითარება, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გზის გახსნა“, – განაცხადა როინ მალაყმაძემ.

მისივე თქმით, მაჭახლის ხეობაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი.

„ეს გულისხმობს გვირაბული ტიპის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში, რა ზიანი გამოიწვია ასეთმა ჰესებმა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გამოიწვევს ეროზიული პროცესების გააქტიურებას, მდინარეში კალმახის გაქრობას, 7-კილომეტრიან და მეორე, თუნდაც პატარა ჰესის შემთხვევაში, 1.5-კილომეტრიან კალაპოტში მდინარე იქნება ფაქტობრივად მშრალი, ხოლო გვირაბის აფეთქების სამუშაოები ადგილობრივების სახლების დაბზარვასა და დაშლას გამოიწვევს. გარდა ამისა,

მდინარე მაჭახელა ჩვენთვის კულტურულ-ისტორიული ღირებულებაა. ჩვენი ცხოვრების წესი მდინარე მაჭახელას უკავშირდება და ეს არის ჩვენი ეთნიკური კუთვნილების საგანი. ამიტომ ძალიან მტკივნეულად განვიცდით ყოველივე ამას“, – ამბობს როინ მალაყმაძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრომ მდინარე მაჭახლის შენაკადებზე მცირე ჰესების მშენებლობაზე, სხვადასხვა კომპანიებთან მემორანდუმები გააფორმა.

„ქოქოლეთის წყალზე, მდინარე დევავრაზე, რომელიც მდინარე მაჭახელას შენაკადია და რითიც საზრდოობს მდინარე მაჭახელა, მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება გააჩნია, სამინისტრომ აიღო და სხვადასხვა კომპანიებზე გააფორმა მცირე ჰესების ასაშენებელი მემორანდუმები. ერთ-ერთი კომპანია სოფელ ქედქედში ავიდა, რათა ჩაეტარებინა ტოპოგრაფიული სამუშაოები. მათ ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა“, – განაცხადა მალაყმაძემ.

ამ დაპირისპირების გამო, სოფელ ქედქედის რამდენიმე მცხოვრები პოლიციის განყოფილებაშიც იყო დაბარებული.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ქედქედში მცირე ჰესის აშენებას „ბიჯით ტრეიდი“ გეგმავს. ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის აშენებით არის დაინტერესებული კომპანია „მაჭახელა ჰესიც“.

მაჭახელის ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მოძრაობა „სიტყვის კაცები“ თებერვალში დააფუძნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]