weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქციას გამართავენ

12:36 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გაიმართება, რომელსაც პანკისის ხეობიდანაც შეუერთდებიან. აქცია 10 სექტემბერს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.

პანკისის ხეობის მკვიდრმა, სულხან ბორძიკაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ექნებათ და განცხადებასაც გაავრცელებენ. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, საელჩოსთან შეკრებილები მოითხოვენ, უზრუნველყოფილი იყოს გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, რაიონ მოაბიტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 23 აგვისტოს მოკლეს. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ხანგოშვილი მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდნენ და თავში ესროლეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. ბერლინის პოლიციამ მისი ფოტო გამოაქვეყნა და გამოძიებაში დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახელია ვადიმ ს. ვრცელდება ცნობები, რომ გამომძიებლებმა მის ბინაში დიდი ოდენობით ფული იპოვეს. ვადიმ ს. ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა. გერმანული მედიის ცნობით, მას მოსკოვში უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდა. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. მედია ხანგოშვილის მკვლელობაში შესაძლო რუსულ კვალზეც წერს. რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

ზელიმხან ხანგოშვილი ეთნიკური ჩეჩენი და რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელი „ზელო დიშნი“ იყო. ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.

საქართველოში ყოფნის დროს ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. მან ქვეყანა ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. ახლობლების ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]