weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას – WSJ

13:02 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019 hits 921

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში ჩეჩენი მეამბოხის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„აშშ-ს მიაჩნია, რომ ამ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი რუსეთია“, – ციტირებს WSJ-ი ოფიციალური პირის განცხადებას.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, მოსკოვი საზღვარგარეთ მყოფი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს. სტატიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ბოლოა კრემლის მოწინააღმდეგეების მკვლელობების თუ მათზე თავდასხმების სერიაში.

WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, ხანგოშვილის საქმეზე დაკავებული მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. წყაროს თქმით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან რუსული პასპორტი მიიღო, რომელშიც წერია, რომ ვადიმ სოკოლოვი ჰქვია. აშშ-ის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ეს სახელი და გვარი ყალბია.

„ნამდვილი პასპორტი, სადაც ყალბი იდენტობაა მითითებული, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო გაეცა“, – უთხრა WSJ-ს თავისმა წყარომ.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის მკვლელობები მის საზღვრებს გარეთ, ტრადიციულად, ფედერალური მთავრობის ან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ არის მართული.

„გამოძიებასთან დაახლოებულმა პირებმა თქვეს, რომ აქ კიდევ ერთი შესაძლებლობა არსებობს, კერძოდ ის, რომ მკვლელობა ჩეჩნეთმა დაუკვეთა და არა მოსკოვმა, მაგრამ მაინც შესრულდა რუსი აგენტების დახმარებით, რომლებმაც მკვლელს ყალბი იდენტობა და ახალი პასპორტი მისცეს“, – აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

WSJ-ის თანახმად, გერმანელმა თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა ორგანიზებულ დანაშაულთან იყოს დაკავშირებული. ახლა გამოძიებას სამი ქვეყნის - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - ხელისუფლება აწარმოებს.

„გერმანიის ხელისუფლება თავდასხმისა და პატიმრობაში მყოფი პირის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებს, მიუხედავად არსებული ვარაუდისა, რომ მკვლელობა შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო. კრემლმა კომენტარის შესახებ მოთხოვნას არ უპასუხა. ის ხანგოშვილის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს“, – წერს ამერიკული გამოცემა.

WSJ-ი აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე რეაქციის არქონის გამო, ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბერლინს რუსეთთან კონფრონტაციისთვის თავის არიდება სურს.

WSJ-ი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ერთ-ერთი მეთაური იყო, რუსეთის უშიშროების ძალების სიძულვილი კი 2004 წელს, ნაზრანში განხორციელებულ დარბევებში შესრულებული როლის გამო გამოიწვია. ამ მოვლენის დროს რუსეთის უშიშროების სამსახურის ათობით თანამშრომელი დაიღუპა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთში ამბოხებულთა წინააღმდეგობა ჩაახშეს, ხანგოშვილი და სხვები მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში გაიქცნენ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ის არაოფიციალურად მუშაობდა საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ და რუსების წინააღმდეგ კონტრდაზვერვაში იყო სპეციალიზირებული. იქ ის ძლივს გადაურჩა გატაცებას და ჩასაფრებულ თავდასხმას, რა დროსაც მისი მანქანა დაცხრილეს“, – ნათქვამია სტატიაში.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო. მას გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შსს-მ ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

გუშინ, 10 სექტემბერს, პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს და ხანგოშვილზე თბილისსა და ბერლინში მომხდარი თავდასხმების გამოძიება მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]