weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბიუჯეტიდან მიღებული 112 მლნ და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ინტერესები ჰესების ბიზნესში

16:16 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

ბოლო ოთხ თვეში, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ 7,249,170 ლარის ტენდერები მოიგო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალ კვლევაში ასევე საუბარია გიორგი ზედელაშვილის კავშირზე თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან და მათ საერთო ინტერესებზე ჰესების ბიზნესში.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა ადგილი მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ზედელაშვილის დედის კომპანია „სერპანტინის” მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ 2013-2020 წლებში 112 მილიონ ლარს გადააჭარბა. კომპანიამ 2020 წლის იანვარ-აპრილში 17 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა, მათ შორის 6-ში პირდაპირი შესყიდვების გზით.

 ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „სერპანტინი“ ტენდერებში ხშირად უკონკურენტოდ, ზოგჯერ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად იმარჯვებს.

2012 წლამდე, შპს „სერპანტინი“ ერთ-ერთი რიგითი კომპანია იყო. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არ იკვეთება მისი განსაკუთრებული ან დომინანტური მდგომარეობა 2012 წლის ჩათვლით, თუმცა სურათი რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2013 წელს, როცა ზედელაშვილი შს მინისტრის მოადგილე გახდა, „სერპანტინის“ ბრუნვები 2012 წელთან შედარებით, 700%-ით გაიზარდა.

გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცველ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე 1994 წლიდან მუშაობდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფოს უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლამდე ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი ბიზნესპარტნიორების საქმიანობა შესაძლოა კავშირში იყოს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან. გამოკვეთილია გიორგი ზედელაშვილისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის საერთო ბიზნესინტერესები ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით.

2018 წლის ივნისში, ჰიდროელექტროსადგურ “ხრამი ჰესის” აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი 2014-მა“. 2018 წლის 30 ოქტომბერს კი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ნიუ ტექნოლოჯი 2014-ისთვის“ გადაცემისა და  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე „ნიუ ტექნოლოჯი“ ჰესის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებას აიღებდა, კომპანიის 50%-50%, 55 ათას დოლარად შეიძინეს გიორგი ზედელაშვილის ძმისშვილმა, ლევან ზედელაშვილმა და ირაკლი შიხიაშვილის ცოლის დამ, ხათუნა ასათიანმა. 2019 წელს, ხათუნა ასათიანმა, თავისი წილიდან 5%, 5 ათას ლარად, მიჰყიდა ივანე ნიკოლაიშვილს, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2012 წლიდან კი „ქართული ოცნების შემწირველია. 2016 წელს მან პარტია ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა.

ხრამჰესი ერთადერთი ელექტროსადგური არაა, რომელშიც კვლევის თანახმად, ზედელაშვილის ბიზნეს-ინტერესები იკვეთება. დმანისში მდებარე „ორო ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამუშაოების დროულად დასრულებაზე პასუხისმგებელი „სერპანტინის“ დირექტორის, ზურაბ ფეიქრიშვილის მიერ დაფუძნებული“ ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანია”.

ორივე კომპანიის, „ნიუ ტექნოლოჯი 2014-ისა“ და“ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის” დირექტორი, ერთი და იგივე პირი, დავით ჩიქოვანია.

გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროექტს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ის ყოფილი პრემიერისა და დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად მოიაზრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]