weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა და კიდევ 5-მა თანამშრომელმა ტვ პირველი დატოვეს

22:25 პარასკევი, 12 ივნისი 2020

ჟურნალისტებმა და გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია „პირველი“ დატოვეს. მათ დღეს, გადაცემის დასასრულს თქვეს, რომ ეს იყო ბოლო „პოლიტმეტრი“ „ტვ პირველის“ ეთერში. მათივე განცხადებით, ტელეკომპანიას „პოლიტმეტრის“ სარედაქციო ჯგუფიც ტოვებს.

„როდესაც ამ შენობაში შემოვედი, „ტვ პირველი“ არც არსებობდა, სპორტული არხი იყო. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ხუთი წელი. სხვათა შორის, ამდენი ხანი არცერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო, ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. იყო სხვა ფაქტორებიც - მედია სტანდარტი, ასევე ნიშა, რომლითაც „ტვ პირველმა“ საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის; ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როდესაც სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი. სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით. 

თანამშრომლობის რესურსი კი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. ბუნებრივია, კერძო არხსაც აქვს ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

„ტვ პირველს“ „პოლიტმეტრის“ ავტორებთან ერთად, ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობა: მე და ნინო ჟიჟლაშვილი, ასევე პროდიუსერები და ჟურნალისტები - პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, ტელეკომპანიიდან მათი წასვლის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. 

„ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე…

ჩვენ ამ არხზე, თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. 

არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს, 5 წლის თავზე, ჩვენი გზები იყოფა და რა თქმა უნდა, მადლობა. მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ეს არხი შექმნა და მოგვცა მართლაც ამ წუთამდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მაყურებელი „პოლიტმეტრს“ აუცილებლად იპოვის სხვა სივრცეში, თუმცა სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფორმაცია, რომ ჟურნალისტები „ტვ პირველის“ დატოვებას აპირებდნენ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამ თემაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ტელეკომპანიის დირექტორს, ვახტანგ (ვატო) წერეთელს. 

 

ამ თემაზე:

წარმატებას ვუსურვებ მათ „ფორმულაზე“ – წერეთელი ტვ პირველიდან წასულ ჟურნალისტებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]