weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2020

ეს გამაფრთხილებელი გამოსვლაა - მეუფე გიორგი მარნეულში გამართულ აქციაზე

15:53 პარასკევი, 17 ივლისი 2020 hits 777

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების საკითხი განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მეუფემ აღნიშნა, რომ გუშინდელი გამოსვლა, გამაფრთხილებელი ხასიათის იყო.

„ეს აქცია არაა, ესაა საზოგადოებრივი თავშეყრა, სადაც საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ესაა გამაფრთხილებელი გამოსვლა და მოწოდება ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ. თუ ასე არ მოხდა, მათი კანონიერი პასუხისმგებლობაც დადგება, ალბათ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანაც“, - ციტირებს რადიო „მარნეული“ სასულიერო პირის კომენტარს.

16 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციას „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩიჩუა, ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ერეკლე საღლიანი და „ქართული მარშის“ აქტივისტები ესწრებოდნენ.

შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ძეგლს მხოლოდ იმ ადამიანებს უდგამენ, ვისაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული როლი და დამსახურება აქვთ.

„ნარიმან ნარიმანოვს ჩვენი წინაპრების სისხლის დაღვრის მეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი თვითმყოფადობის ხელყოფის მეტი, სხვა როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე არ აქვს, როგორც იმ ავადსახსენებელ, გამყიდველ გვარით ქართველებს - სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს. ჩვენმა მეცნიერებმა დადეს საექსპერტო დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მან, აქ დაბადებულმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა კაცმა დაასამარა ჯერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, შემდეგ საქართველოში, ასევე სომხების. შემდეგ მოაწყო დევნა ყველა იმ მამულიშვილისა, ვინც ამის წინაშე ხმას აიმაღლებდა... ირკვევა, რომ ნარიმანოვს, გამყიდველ ქართველ ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელი აქვს მოწერილი მთელი ზაქათალის ოლქის და გარეჯი-ქვემო ყარაიას ველების, საძოვრების გადაცემაზე. ეს დამსახურება აქვს მას“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ნარიმანოვის ძეგლი დანგრევის პირას იყო და „არავინ არაფრად აგდებდა“.

„პანდემიის დროს, როდესაც ჩვენ ყველა გამოკეტილნი ვიყავით და ეკლესიასაც მოგვიწოდებდნენ, დაგვეკეტა ეკლესიის კარები და მადლობა უფალს, რომ ეს არ გავაკეთეთ, ამან გადაგვარჩინა... ჩვენმა პატივცემულმა ქალაქის მერმა, რომელიც არჩეულია არა მარტო აზერბაიჯანელი დებისა და ძმების, არამედ ქართველების მიერაც, დამოუკიდებლობა, 26 მაისი მოგვილოცა იმით, რომ აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობის დამსამარებლი ნარიმანოვის ძეგლი. ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ღირსების აყრა, ამაზე დიდი ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება, მითხარით, ხალხო, თუ რამეს ჰქვია? მოგვილოცა დამოუკიდებლობა და ბოდიშიც არ მოიხადა, განმარტებაც არ გააკეთა. მე ვიცი, პირად საუბრებში ის ამბობს - კი, ბოლშევიკია, კი, ჩემთვისაც არაფერი არ არის - მაგრამ არ ვიცი, რატომ გააკეთა ასე“, - განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

როგორც მან თქვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქვემო ქართლსა და კახეთში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა ისიც გამოკითხეს.

„არ მინდოდა ხმაურის ატეხვა. მე ვცდილობდი, პირადი დიალოგებით განმემუხტა ეს საკითხი და მომეგვარებინა, მაგრამ ამის ნაცვლად მივიღე უამრავი პროვოკაცია, არაადეკვატური პასუხი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაზეც მე თვითონაც ვიქენი გამოკითხული პროკურორის და გამომძიებლის მიერ, თითქოს რასობრივ დისკრიმინაციას ვეწევი, თითქოს ეთნიკურ შუღლს ვთესავ.

ხალხნო, პატრიარქმა მითხრა, რომ შენ უნდა იყო მამა არა მარტო ქართველთა და ქრისტიანთა როცა იქ წახვალ, არამედ აზერბაიჯანელებისთვისაც. მე ყველას ვუყურებ სიყვარულით, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ისე ვუყურებ მათ.

გეკითხებით ერთ რამეს - თუ ეს ძეგლი ჩვენს ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფს, თუ ეს ძეგლი ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხებაა, მაშინ მე ვეკითხები ჩვენს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს: ხომ არ გვეფიქრა და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ეს ერთად უნდა ავიღოთ და დავდგათ ისეთი ძეგლი, რომელიც იქნება ჩვენი და აზერბაიჯანელი ძმების ნამდვილი ძმობის სიმბოლო, სვეტი და ნიშანსვეტი“, - განაცხადა მეუფემ.

მან კიდევ ერთხელ გააჟღერა იდეა ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს თანამებრძოლის, წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დაიდგას.

„აი, ვინ არის ნამდვილი აზერბაიჯანელი, ჩვენი ნამდვილი ძმა. აი, ვისი ძეგლები უნდა გვედგას; აი, ვისი ისტორიებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი ქართულ-აზერბაიჯანული ძმობა, ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი თაობა და არა ისეთი ძეგლებით, რომლებიც ერთმანეთს დაგვაშორებს. მე, მაგალითად, ეს [ნარიმან ნარიმანოვი] რომ იყოს ჯამდელიანი და ესეთი როლი მიუძღოდეს ქვეყნის წინაშე, პირველი მე ჩამოვიღებდი იქიდან.

ვისაც უნდა ეს გადაზარდოს რაღაც ნაციონალიზმში, რაღაც თითქოს ეთნიკურობაში, რაღაც რელიგიურ იმაში, ეს არის პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციული გამოსვლები. დღევანდელ შეკრებასაც და ამ მოთხოვნასაც არანაირი საერთო არ აქვს ნაციონალიზმთან.

ცენტრალურ ქუჩაზე, კულტურის სახლის წინ შეიძლება ერთ მხარეს გვედგას მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი და მეორე მხარეს იმის ძეგლი, ვინც დახვრიტა მიხეილ ჯავახიშვილი? შეიძლება ერს ჰქონდეს ოკუპაციის მუზეუმი და ვინც ოკუპაცია მოახდინა, იმის ძეგლი ედგას? ეს არის ჩვენი სინდისის, ეროვნული თვითშეგნების, ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა და აყრა. არავის ეგონოს, რომ ვინმე ამას შეეგუება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მან საკრებულოს მოუწოდა, განიხილოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხი: „საკრებულოს უკვე თვენახევარია მაგიდაზე უდევს საინიციატივო ჯგუფის მხრიდან შესული წერილები, აბსოლუტურად ყველაფერი გამოკვლეულია, მაგრამ უარს ამბობენ განხილვაზე, რადგან ჩვენი მოთხოვნა არის კონსტიტუციური, სამართლიანი და მათ იციან, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად თუ აღსრულდა, ეს ძეგლი აქ არ უნდა იდგეს. მაგრამ მათ კეთილი ნება არ გააჩნიათ. ჩვენ საზოგადოება ვითხოვთ პასუხს, რას გააკეთებენ“.

აქციის მონაწილეები ისე დაიშალნენ, რომ მათთან შესახვედრად არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ გამოსულან.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნა პირველად 24 მაისს გააჟღერა და მუნიციპალიტეტის მერს, ზაურ დარგალს ძეგლის დემონტაჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სუს-ის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. გამოძიების ფარგლებში, მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე გამოკითხეს. EMC-ი სუს-ს მოუწოდებს, საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]