weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა

14:43 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში ჩატარებული ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ავტომობილი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იყო, არა პოლიციამ, არამედ მწყემსმა იპოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

„ძალიან დიდი უყურადღებობაა. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე. მითუმეტეს, მათი [პოლიციის] განცხადებით, რასაც ვუსმენდი, გამოყენებული იყო აეროგადაღება“, - განაცხადა რამიშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება.

მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ ის ბოლომდე არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ენდობა, რის გამოც საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია და ავტომობილში რაღაც მედიკამენტებიც არის. 

„ავტომობილში იყო ახალგაზრდა. საჭესთან არ იჯდა, უკანა სავარძელზე იყო. ავტომობილი გაიხსნა. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. აქ არიან ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა იმ მოქმედებას ახორციელებენ, რაც საჭიროა. რადგან, მე პირადად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტიზის მიმართ არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერევა ამ საქმეში. მარიამ ჯიშკარიანს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ექსპერტიზაში მისი წარმომადგენელი ჩაერთოს და კითხვებზე პასუხი გასცეს როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა, ისე დამოუკიდებელმა ექსპერტმა. უყურადღებოდ არაფერი დარჩება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილით, ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტი“ კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში მთავარი საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები დღეს თეთრიწყაროში წავლას და დაკარგულის საკუთარი ძალებით მოძებნას აპირებდნენ.

 

ამ თემაზე:

ეს მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]