weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დირექტორისა და ექიმების მიმართ ბრალდებებს უარყოფს

14:38 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია უარყოფს საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძის და ექიმების - ვახტანგ ყიფიანისა და მაგდა ხოჭოლავას მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები „აბსურდულია და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს“.

პროკურატურამ გიორგი ლობჟანიძეს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა, ვახტანგ ყიფიანს - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, ხოლო მაგდა ხოჭოლავას - უკანონო საექიმო საქმიანობისთვის. ლობჟანიძე და ყიფიანი დაკავებულები არიან. ხოლო ხოჭოლავა, პროკურატურის განცხადებით, საზღვარგარეთაა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე.

პროკურატურის განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი ქალი კომატოზურ მდგომარეობაში ჩაბავარდა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს, სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ქალს წარმატებული ოპერაცია პირველად 2018 წლის 18 სექტემბერს, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფმა ჩაუტარა.

„ ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია.

ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები“, - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, ასევე მცდარია პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია ოპერაციის ჩასატარებლად.

„ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ლიცენზირებული ექიმი ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას.

 ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

პროკურატურის განცხადებით ოპერაციის დროს ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიცპაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი“, - აცხადებს საავადმყოფოს ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, მაგდა ხოჭოლავა მოქმედი ანესთეზიოლოგია და გააჩნია იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია. საავადმყოფო უარყოფს პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხოჭლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან ამ მიზნით დატოვა ქვეყანა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მაგდა ხოჭოლავა იტალიაში ცხოვრობს და დღემდე ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს.

„პროკურატურის განცხადება, რომ გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პაციენტის სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან“, - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს და ბრალდებულების მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაკავებული ექიმები ბრალს არ აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]