weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

5-მა თავდამსხმელმა სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი არაგვში გადააგდო – პროკურატურა

15:03 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

პროკურატურის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ხუთმა პირმა სასტიკად სცემა და მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დღეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინა საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და არასრულწლოვნებს - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს.

პროკურატურის მტკიცებით, 18 ივნისს, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი დაუკავშირდა მეგობრებს და შურსძიების მიზნით თბილისიდან მცხეთაში „მერსედესის“ და „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილებით გაემართნენ. გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს თავს ჯერ „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ. ამ დროს შაქარაშვილმა ძალადობას თავი გაქცევით დააღწია. პარალელურად, „ტოიოტა ქამრით“ ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით გაემართნენ აგარაკისაკენ. ვინაიდან მათ აგარაკზე მოწინააღმდეგეთაგან არავინ დახვდათ, თბილისის მიმართულებით გამობრუნდნენ.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ფეხით განაგრძობდნენ გზას თბილისისაკენ, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა აგარაკიდან წამოსულმა „ტოიოტა ქამრიმ“.

„გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან, ვ.ჩ.-სთან ერთად გადმოვიდნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს და მისი თანმხლებ პირებს, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით.

გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისაგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ.

დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართლებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში.

გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება“, - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა. შედეგად, შაქარაშვილი ორივე მხრიდან თავდამსხმელებს შორის მოექცა.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ხუთივე თავდამსხმელი ჩაჰყვა.

„ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა.

ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

ხუთივე თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 ახალგაზრდაა დაკავებული, მათ შორის 6 არასრულწლოვანია. ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 12 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]