weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანკისის უხუცესთა კავშირი ძალადობას გმობს და სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებს

15:19 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020
ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი

პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ 29 აგვისტოსა და 5 სექტემბერს გამართულ აქციებთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს.

„უხუცესთა კავშირი ყურადღებით ადევნებდა თვალს სოფელ დუისში იმ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომელშიც განთავსებულია პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სამკერვალო, სამკურნალო მასაჟისა და სტომატოლოგიის კაბინეტები, პანკისის სათემო რადიო „ვეი“ და ორი ოჯახი, უმეტესი ფართობი კი უკავია როდი სკოტის ფონდის მიერ დაფინანსებულ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს.

როდი სკოტის ფონდის წარმომადგენელმა, კურსების ხელმძღვანელმა წამოიწყო ეს კამპანია, მაგრამ როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ბოლომდე ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგი - მის მიერ მოწყობილი აქცია გადაიზარდა რადიო „ვეის“ და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად, რაც ძალიან სამწუხაროა“.

უხუცესთა კავშირი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს სათემო რადიოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.

„ლოპოტას ხეობაში ქისტ-ჩეჩნების რაზმის ამოხოცვის დროს, ვინ გამოდიოდა ქისტების დასაცავად? ვინ ედგა მხარში ვახა მაჩალიკაშვილს ერთადერთი ვაჟიშვილის საკუთარ ლოგინში მუხანათურად მოკვლის შემდეგ? ვინ იღვწოდა პანკისის ხეობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემოყვანასა და პანკისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის?

ვინ ეხმარებოდა ქისტ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და მცირე ბიზნესის წამოწყებაში? ამ ადამიანს, ვინც უანგაროდ ეხმარებოდა პანკისელებს თავიანთი უფლებების დაცვასა და ცხოვრების უკეთ მოწყობაში, ემუქრებიან, პანკისიდან გაძევებას პირდებიან ახალგაზრდები, ვისაც წარმოდგენაც არ აქვთ მის საქმიანობასა და საერთოდ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში არსებულ ვითარებასა და აქ განვითარებულ მოვლენებზე. საინტერესოა, როცა ასეთ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, ვინ მისცათ უფლება ასეთი განცხადებები აკეთონ.

მოვლენები ისე ვითარდება ქისტური თემის ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში, რომ საკუთარი თავის განადგურებისაკენ მივდივართ. ჩვენ, უხუცესებს ბევრი გვინახავს, ბევრი გაგვიგონია და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური მოვლენები და ის ვინც თავზე იღებს ასეთი ძალის მართვას, უფსკრულისაკენ მიემართება.

პანკისის სათემო რადიო „ვეი“-ს მიმართ აგრესიული განწყობილება ვაჰაბიტ-სალაფიტებში ადრეც იყო. მთივლიშვილის წინააღმდეგ გამოხტომებიც ბევრი ყოფილა, არც თავიანთი უხუცესების მიმართ უკადრისი მიმართვების ხმარებას მორიდებიან, მაგრამ აგრესიულ მუქარას ადგილი არ ჰქონია! აქ დაინტერესებულმა პირმა ეშმაკური ფანდი იხმარა - გელა მთივლიშვილი შენობას ყიდულობს და ინგლისური ენის უფასოდ შემსწავლელ კურსებს დახურავსო, რაც სიმართლისგან ძალზე შორსაა, რადგანაც გელა მთივლიშვილს აზრად არ მოსვლია ამ შენობის შესყიდვა და ეს ყველაფერი გათვლილი იყო ხალხის ემოციებზე ზემოქმედებისთვის: აი, ხედავთ, ვიღაც ჟურნალისტი გვართმევს შენობასო. შეიძლება ითქვას, აზრის მესვეურებმა თავიანთ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს და ჟურნალისტის წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყვეს გარკვეული ძალები. მთავარი მაინც ის არის, რომ მომიტინგეთა მხრიდან არ მოხდა არანაირი კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა ჟურნალისტის მიმართ, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ, ეს იყო და ეს.

აშკარაა რომ ამ ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს, ეს ხომ ამ ქვეყნის ძლიერთათვის დამახასიათებელი თვისებაა.

როცა ამა თუ იმ ნაბიჯს თვითნებურად ვდგამთ, უნდა გვახსოვდეს, რომ პირადი ინტერესები კი არა, უპირველესად ხეობის ინტერესებია გასათვალისწინებელი, ის შედეგები, რაც ასეთ ქმედებას მოჰყვება. იმაზეც ვიფიქროთ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვართ თუ არა მზად იმისათვის, რომ მსგავსი საკითხები ხეობის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

29 აგვისტოს და 5 სექტემბერს სოფელ დუისში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. აქციის ზოგიერთი მონაწილე სათემო რადიოს დარბევით და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლით დაიმუქრა. დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ დაიწყო გამოძიება. დღეს სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს

პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია ხეობაში

პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადება

საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას - TI GEORGIA

კოალიცია «მედიის ადვოკატირებისთვის» პანკისის რადიოს დარბევის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს

«რადიოს დავამხობთ თავზე. თუ არ წავა, ძალით გავუშვებთ!» - მეორე აქცია პანკისის რადიოს წინააღმდეგ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]