weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დავით ფურცხვანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

18:53 შაბათი, 26 სექტემბერი 2020
ფოტო © ტელეკომპანია ფორმულა ფოტო © ტელეკომპანია ფორმულა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

საქმე ეხება ე.წ. სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 8 სექტემბერს გაასაჯაროვა. როგორც ადვოკატი აცხადებდა, ფოტოებით დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, იმ ადგილზე არ იდგა, სადაც 22 ივლისს იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია.

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე დაუკავშირდა მიხეილ რამიშვილს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ 7 სექტემბერს, „სკაიპის“ საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა ვისგან, ამას პროკურატურა არ აკონკრეტებს.

„დ.ფ.-მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის, ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება“, - აცხადებს პროკურატურა.

მათივე მტკიცებით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები.

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის I ნაწილით (ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით). დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]