weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2020

ძალიან სახიფათოა მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება – ნინო ლომჯარია

22:02 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 hits 132

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმასა და მძევლების აყვანას ეხმაურება. 

ლომჯარიას შეფასებით, მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ამ სიტუაციაში ყველაზე მოწყვლადია, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ.

„მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება.

„მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, – აცხადებს ლომჯარია. 

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა ჯერ 19, შემდეგ კი 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვებოდა. მან გაახმოვანა დამნაშავის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრება. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას. 

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მიმინარეობს. ამ დროისთვის გათავისუფლებულია სამი მძევალი. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან არ თქვა, რამდენი მძევალი ჰყავს თავდამსხმელს. მას არც მოლაპარაკებების დეტალებზე უსაუბრია.

რაც შეეხება ერთ-ერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას, მისი გამოჩენის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და აქტიური მხარდამჭერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]