weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კობა დავითაშვილის გატაცების ორგანიზების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს

21:05 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები, იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

„2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა. ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში.

კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კობა დავითაშვილი 44 წლის ასაკში, 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]