weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

პანკისში მკვლელობაში ბრალდებულ სიმონ მარგოშვილს პატიმრობა შეეფარდა

11:09 ორშაბათი, 25 იანვარი 2021 hits 946

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის სიმონ მარგოშვილს (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე სიმონ მარგოშვილის ადვოკატს წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ გაუპროტესტებია. დაცვის მხარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში, იარსებებდა ე.წ. სისხლის აღების საფრთხე.

„ჩვენთვის მიუღებელი იყო ფორმალური მხარე, რაზეც პროკურატურა აპელირებდა. ეს იყო მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა დანაშაულის ჩადენის საქმე. არცერთი ეს წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ერთადერთი მაღალი რისკი, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გარეთ იყოს და სხვა აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში ყოფილიყო მოქცეული, იყო პანკისის ხეობაში არსებული ტრადიციები“, – აღნიშნა ადვოკატმა ლალი ჩოდრიშვილმა.

პროკურორის განცხადებით, სიმონ მარგოშვილმა მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა.

„დანარჩენ ვერსიებთან და მოტივთან დაკავშირებით, გამოძიება საწყის ეტაპზეა“, – თქვა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტისთვის ჩაინიშნა.

40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე 17 იანვარს მოკლეს. მკვლელმა მას ჭრილობები დანით მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.

მოკლულის მეზობელს, სიმონ მარგოშვილს პოლიცია ხუთი დღე ეძებდა. ის 21 იანვარს, ბაწარა-ბაბანაურის ტყეში დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, მარგოშვილი სამართალდამცველებს ოჯახის წევრებმა ჩააბარეს.

პანკისის სათემო რადიო ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მეზობლებს შორის უთანხმოება იყო. მოკლულის ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობის დროს სიმონ მარგოშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]